“უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხალხის დასჯა იქნება, თუმცა შეჩერებას დღეს და ხვალ არ ველოდებით” – TravelWise

ავიაკომპანია „თრეველვაიზის“ აღმასრულებელი დირექტორი, რატი გელაშვილი BM.GE-სთან ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იქნება ხალხის დასჯა.
მისი ვარაუდით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება საბოლოო ბერკეტი იქნება, შესაბამისად უახლოეს მომავალში ამის შიში არ არსებობს.
„ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხალხის დასჯა იქნება, თუმცა სავარაუდოდ ეს ბოლო ბერკეტი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დღეს და ხვალ არ ველოდებით. რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ხალხი თავს იკავებს მოგზაურობის დაგეგმვისგან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შიშით, ასე არ არის.
თუ “რუსულ კანონს” მიიღებენ და ასევე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას შეგვიჩერებენ, ვფიქრობ, მოგზაურობების რაოდენობა შემცირდება, განსაკუთრებით კორპორაციულ სეგმენტზე. მხოლოდ დამსვენებლებს ჩვენ არ ვემსახურებით. ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელთა წარმომადგენლებსაც შეიძლება გადაადგილება შეუჩერდეთ.
რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, ამ დროისათვის ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადია ანტალია, საბერძნეთის კუნძულები და ევროპის მიმართულებები. ზღვის მიმართულებით უფრო საოჯახო ტურები იგეგმება, თუმცა ევროპის მიმართულებით ძირითადად ინდივიდუალური და საქმიანი მოგზაურობებია დაჯავშნილი“, – აცხადებს გელაშვილი.
მისივე ცნობით, თანხები ყოველწლიურად იცვლება და ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ბოლო პერიოდში, კომპანიას 10-15%-ით ფასების ზრდა მოუწია. მაგალითად, ანტალიაში ერთ პერსონაზე ერთი კვირით, საშუალო ტიპის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება 2500 ლარიდან განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გარდა პოპულარული ტურისტული მიმართულებებისა, ეგზოტიკურ ტურებსაც სთავაზობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მალდივები, ტაილანდი და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ