დიქტატორ უგო ჩავესის გარდაცვალების გამო, საქართველოდან ვენესუელაში სამძიმრის წერილი, ბუნებრივია არავის გაუგზავნია. „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ ეს ქართველ კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ. გასაკვირი აქ არაფერია.
საქართველოს და ვენესუელას დიპლომატიური ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. 2009 წლის შემდეგ, კი, რაც ჩავესმა აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ “დამოუკიდებლობა” აღიარა, კარაკასსა და თბილისს შორის ურთიერთობა, ხაზგასმულად მტრული გახდა.
„უგო ჩავესის გარდაცვალება – ეს დიდი ტრაგედიაა, როგორც ვენესუელელი ხალხის, ისე მთელი ლათინური ამერიკისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის – ოსებისთვის. რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ვენესუელა მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო. მე მქონდა ბედნიერება, ორჯერ პირადად შევხვედროდი უგო ჩავესს, კარაკასსა და მოსკოვში. დიმიტრი მედოევი, ოსი სეპარატისტი
7 მარტს, ვენესუელელი დიქტატორის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, ხმების უმრავლესობით გავიდა რეზოლუცია საგარეო პრიორიტეტებზე, სადაც საერთოდ აკრძალულია იმ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობა, რომლებიც სოხუმისა და ცხინვალის” ოკუპირებულ ტერიტორიებს, “დამოუკიდებელ ქვეყნებად” თვლიან.
თბილისისგან განსხვავებით, 180 გრადუსით განსხვავებული ვითარება იყო სეპარატისტულ ანკლავებში. სოხუმსა და ცხინვალში ჩავესის დაღუპვის გამო, სამგლოვიარო მიტინგები გაიმართა.
კარაკასში 10-მდე სამგლოვიარო დეპეშა გაიგზავნა, აფხაზების და ოსების სეპარატისტი ლიდერებით დაწყებული და “აფხაზთა დომინის ფედერაციით” დასრულებული.
ოსმა ალპინისტებმა კი სპეციალურად დალაშქრეს ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონზე, რომ მისთვის ჩავესის სახელი ეწოდებინათ. რუსეთში ცხინვალის ე.წ „ელჩი“ დიმიტრი მედოევი კერძოდ ამბობს:
„უგო ჩავესის გარდაცვალება – ეს დიდი ტრაგედიაა, როგორც ვენესუელელი ხალხის, ისე მთელი ლათინური ამერიკისთვის. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის – ოსებისთვის.
რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ვენესუელა მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა სცნო. მე მქონდა ბედნიერება, ორჯერ პირადად შევხვედროდი უგო ჩავესს, კარაკასსა და მოსკოვში.
მისი გარდაცვალების მიუხედავად, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, არა მხოლოდ ვენესუელასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ჩვენ გვჯერა რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ჩვენ გვინდა და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ.“
ოკუპირებული ცხინვალისგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი კავშირები ვენესუელაში აფხაზ სეპარატისტებს აქვთ. რუსეთის შემდეგ, ვენესუელა პირველი ქვეყანაა, სადაც ე.წ „აფხაზთა საელჩო“ ოფიციალურად მოქმედებს.
აქ ე.წ „ელჩად“ გუდაუთელი ზაურ გვაჯავა მოღვაწეობს. ყოფილი მოკრივე, რომელიც 1983-84 წლებში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. შემდეგ კი სამი წელი საქართველოს სსრ-ის სპორტკომიტეტის თავმჯდომარედ იმუშავა. გვაჯავა ასევე წვრთნიდა კუბისა და ვენესუელას კრივის ნაკრებებს.
გვაჯავა 1998 წლიდან ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში ცხოვრობს. 2010 წლის დეკემბრიდან ვენესუელაში აფხაზ სეპარატისტთა ე.წ „ელჩია“. უკანონო “საელჩოში” გვაჯავას თანაშემწედ მეუღლე მარინა გვაჯავა და რუსეთის კიდევ ოთხი მოქალაქე მუშაობს. შარშან აპრილში, სოხუმელმა სეპარატისტებმა, გვაჯავას ნიკარაგუაში ე.წ “ელჩის“ “თანამდებობაც” უბოძეს.
უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების კარაკასში, გამოსათხოვარ ცერემონიაში “დელეგაციის” გაგზავნას გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, დარძალვაზე მხოლოდ ე.წ „ელჩი“ გვაჯავა გამოჩნდა და ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამძიმრის წიგნში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა.
„ჩვენ არაერთხელ „დავიწვით“ ამ თემაზე საუბრის დროს. შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაკლები ვილაპარაკოთ და აფიშირება გავუკეთოთ ამ თემას. თუმცა, ჩვენი ქვეყნის აღიარებისთვის მოლაპარაკება გრძელდება.“ ზაურ გვაჯავა, აფხაზი სეპარატისტი
რუსეთის აქტიური მხარდაჭერით, ასევე ვენესუელის და ნიკარაგუას დახმარებით, სეპარატისტები ლათინურ ამერიკაში აქტიურობას ისევ განაგრძობენ, რათა ე.წ “დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი” გაგრძელდეს.
აფხაზებს იმედი აქვთ, რომ ამ მიმართულებით შეიძლება გააქტიურდეს კუბა, რომელსაც მოსკოვმა ახლახანს, 30 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალი ჩამოაწერა. ე.წ “ელჩი” ზაურ გვაჯავა ამბობს:
„ჩვენ არაერთხელ „დავიწვით“ ამ თემაზე საუბრის დროს. შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაკლები ვილაპარაკოთ და აფიშირება გავუკეთოთ ამ თემას. თუმცა, ჩვენი ქვეყნის აღიარებისთვის მოლაპარაკება გრძელდება.“
შეიცვლება თუ არა, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ვენესუელას საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები?! მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ “დამოუკიდებლობის აღიარებასთან” დაკავშირებით?!
ამ შეკითხვას პასუხი 14 აპრილს გაეცემა, როცა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს, უგო ჩავესის მემკვიდრე, ნიკოლას მადურო და ოპოზიციის კანდიდატი, მირანდას შტატის გუბერნატორი ენრიკე კაპრილესი დაუპირისპირდებიან.
ექსპერტები მოელიან, 50 წლის მადუროს “ნებისმიერ ფასად”, მათ შორის არჩევნების ფალსიფიკაციის შედეგად, გამარჯვებას. ამ შემთხვევაში, ვენესუელაში, უკვე ლეგენდად ქცეული “კომენდანტეს საქმე” და “დიადი სოციალიზმის” მშენებლობა გაგრძელდება და ოკუპირებული ქართული ტერიტორიების აღიარებას კარაკასი უკან წაიღებს.
ნიკოლას მადურო შვიდი წლის მანძილზე იყო ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი ვიცე-პრეზიდენტი და დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, კარაკასის სტრატეგიულ პარტნიორებში, მათ შორის, მოსკოვსა და პეკინში.




