“უგონოდ იყო რამდენიმე საათი” – შიმშილობის 142 დღე – სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მდგომარეობა 5 თებერვალს “უკიდურესად დამძიმდა” და “რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა”.
“N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. 6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ის კვლავ აგრძელებს სრულ შიმშილობას”, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
აფგან სადიგოვი უკვე 142 დღეა შიმშილობს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, მან 40 კილოგრამზე მეტი დაიკლო
“პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს”.
2 თებერვლიდან მას მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული და სითხის მიღებაზეც უარს ამბობდა. მშრალ შიმშილობაზე აფგან სადიგოვი მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ სხდომაზე პროკურატურას არ ჰქონია არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც აფგან სადიგოვის მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა.
ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სასამართლომ არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე – სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2024 წლის 4 მარტამდე აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ცოლი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
ახლა აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ 2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანში დააპატიმრეს, საპატიმროში 242 დღე იშიმშილა და მისი ჯანმრთელობა მაშინ სერიოზულად შეირყა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ეს ფორმა ახლა კიდევ უფრო სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის.