ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზეა მიღებული.
“პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა.
სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე – კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.
ასევე გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა.
შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა.
შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე – გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება.
შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.