ევროკომისიის პრესსპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, ტყუილია, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას სთხოვს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა.
„ბრალდებები, რომ ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია და სრულად სცემს პატივს მის კულტურასა და იდენტობას.
ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და რეალიზება ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ბირთვს წარმოადგენს. ეს ღირებულებები წარმოადგენს ვალდებულებებს, რომლებსაც იზიარებენ როგორც ევროკავშირი, ასევე საქართველო. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ყველასთვის ფუნდამენტური ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის დისკრიმინაციისგან დაცვას“, – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს, ქვეყანამ 8 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათ შორის ერთ-ერთი ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებას ითხოვს.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ 8 რეკომენდაციიდან საჯარო კომუნიკაციაში ძირითადად მხოლოდ იმ რეკომენდაციაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელიც „რუსული კანონის“ და ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებას ითხოვს.
„ქართულ ოცნებაში“ შეეცადნენ ეს რეკომენდაცია ისე წარმოეჩინათ, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვდა. მაშინ, როცა რეკომენდაციის მიზანი ლგბტქ პირთა უფლებების დაცვაა და არსად წერია, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დაკანონდეს.
უვიზო რეჟიმი – „ოცნებისთვის“ მიცემული ვადა გავიდა, რა მოხდება შემდეგ
