ტყიბულს თანამედროვე ავტოსადგური ექნება — “ოკრიბა” ახალი ობიექტის პროექტირებას ასრულებს

1 ივნისიდან ავტოსადგურებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. ტრანსპორტის სფეროში მოქმედ კომპანიებს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება უწევთ.
ერთ-ერთი მათგანი, კომპანია „ოკრიბა“, ტყიბულში ახალი ავტოსადგურის აშენებას გეგმავს. როგორც BMGtv-ის გადაცემას “საქმის კურსი” კომპანიის იურისტმა, პაატა ყვავაძემ განუცხადა, პროექტირების ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, საუბარია ისეთ ობიექტზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და რომელსაც ტყიბული ამჟამად მოკლებულია.
„მიმდინარე წელს ვგეგმავთ ახალი ევროსტანდარტით აღჭურვილი ავტოსადგურის მშენებლობას. პროექტი მოიცავს შესაბამის ბაქნებს, გადახურვის სტანდარტს და ელექტრონულ ციფერბლატებს. მოკლევადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ პირველი კლასის ავტოსადგურის სტატუსის მიღებას,“ — აცხადებს ყვავაძე.
ამასთან, კომპანიის მფლობელობაში არსებული ქუთაისისა და თბილისის ავტოსადგურებისთვის სერტიფიცირების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
„ქუთაისის ობიექტი თავიდანვე იმ სტანდარტებით აშენდა, რაც ახლა რეგლამენტით განისაზღვრება. ამიტომ ამ კუთხით პრობლემა არ გვექნება. 1 ივნისამდე სერტიფიცირების პროცესი სრულად დასრულდება,“ — დასძენს ის.
ავტოსადგურების სერტიფიცირების ვალდებულება ტრანსპორტის სფეროს 2025 წლის 1-ლი ივნისიდან დაუწესდა და მასთან შესაბამისობაში მოსასვლელად კომპანიებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სტანდარტები უნდა დაიცვან.