პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, 29 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 32 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებების ორგანიზების მიზნით. ამის შესახებ იტყობინება AP-ი პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP-ზე დაყრდნობით.
ტუსკის თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ პოლონეთის, რუსეთს, უკრაინის, ბელარუსის და კოლუმბიის მოქალაქეები. პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ცნობით, დანაშაულები ჩადენილი ან მომზადებული იყო რუსული დაზვერვის თანამშრომლების მითითებით. დაკავებულთაგან ერთ-ერთი უკვე გასამართლებულია, დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობაში არიან და სასამართლო პროცესს ელოდებიან.
ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, 27 წლის კოლუმბიის მოქალაქეს, ბრალი წაუყენეს 2024 წლის მაისში ორი სამშენებლო საწყობის დაწვაში. ABW-ს ცნობით, მან მითითებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული პირისგან მიიღო, მათ შორის – მითითებები “მოლოტოვის კოქტეილების” დამზადებისა და გამოყენების შესახებ
პოლონეთში – თუ ის დამნაშავედ ცნეს – მას 10 წლით ან მეტით თავისუფლების აღკვეთა, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ჩეხეთში ამ პირს 2025 წლის ივნისში უკვე მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა პრაღაში ავტობუსების დეპოსთვის ცეცხლის წაკიდებისა და სავაჭრო ცენტრისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის.
ეჭვმიტანილების ვინაობისა და მათ მიერ ჩადენილი ან დაგეგმილი დივერსიის ხასიათის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის არ გაუვრცელებიათ.