საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის ნატალია ბახტაძის თქმით, სექტორში ვითარება ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა. მისი თქმით, სერვისის მიმწოდებელი კომპანიების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ტიპის ტურისტებს ელოდებიან მომდევნო წლებში და შესაბამისად, მათზე მორგებულ სერვისებს ვერ ქმნიან.
„ერთი სიტყვით შემიძლია ავხსნა ვითარება და ვთქვა, რომ სექტორში დაბნეულობაა. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა პროცესი, რომლითაც სახელმწიფო ამ ეტაპზე მიდის. არ არსებობს სტრატეგია, არ ვიცით, როგორი ტიპის მიმართულება იქნება, თუნდაც შემდეგი 3 წლის განმავლობაში, რა არის ეს ხედვა. აქამდე ვიცოდით, რომ ეს იყო ევროპა, სამართლებრივი მხრივაც კი ვცდილობდით მიახლოებული ყოფილიყო და გამარტივებული მათთან კომუნიკაცია, ახლა აღარ ვიცით. ის, რომ ხან ერთი ევროპული სახელმწიფო არ ურჩევს თავის მოქალაქეებს ჩვენთან ჩამოსვლას და ხან მეორე, სექტორზე მძიმე გავლენას ახდენს.“ – ამბობს ბახტაძე.
მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ქვეყანა მასობრივი ტურიზმისკენ მიმავალ გზას ადგას, რომელიც დაგეგმარების გარეშე, შესაძლოა, ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგების მომტანიც კი გახდეს.
„ტურიზმი შეიძლება იყოს დამანგრეველი ქალაქების, ქვეყნებისა და ბუნების, ეს არის მასობრივი ტურიზმი, რომელსაც არ მართავ. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ გზით მივდივართ დღეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ასე წავიდეთ, მაშინ, პირველ რიგში, საუბარი ამაზე კერძო სექტორთან, მომსახურების სფეროსთან უნდა დაიწყო. ეს ხომ თვისობრივად განსხვავებული ბაზრებია, მათი მოთხოვნები რადიკალურად განსხვავდება ევროპელისგან. გერმანელი და ბრიტანელი ტურისტი განსხვავებულია, თუმცა ერთიან სქემაში ჯდება მათი ქცევა. ამ შემთხვევაში არ ვიცით, რა უნდათ. ისინი არ ჩამოდიან თვითმყოფადობის სანახავად, ისინი ჩამოდიან გართობისთვის, ექსტრემალური მიმართულება აინტერესებთ, ერთდღიანი ადრენალინის მომსახურებები.
ეკოტურიზმი საკმაოდ გვიან რეაგირებს ამ პროცესზე, წელს მოლოდინია, რომ ევროპელი სტუმრები გვეყოლება, შემცირებული თუმცა გვეყოლება, მაგრამ თუ არ გამოსწორდა ეს ტენდენცია, კლება იქნება მზარდი.“ – განაცხადა ბახტაძემ.
