ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეცხრე ოფიციალური ცერემონია გაიმართება

„შატო მუხრანის“ „ორანჟერეა“ Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეცხრე ცერემონიაზე ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება 2024 წლის, 11 ივნისს გაიმართება.
„სწორედ დაჯილდოების ცერემონიაზე, 24 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდება, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. წლევანდელი ცერემონია განსხვავებულია, ღონისძიების დამფუძნებელი მარინა ჩაიკა სტუმრებს მნიშვნელოვან სიახლეს გააცნობს, რომელიც ღონისძიების დღემდე „სიურპრიზად“ დარჩება.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს. ეს არის „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად!
მეცხრე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 400-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები, ავია კომპანიები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მოგზაური ფოტოგრაფები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, მასმედია და პრესა.
ცერემონიის ლოკაცია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი და უნიკალური ლოკაციაა, რომელიც 1878 წლიდან ქმნის ღვინის ტურიზმს.
ცერემონია უკვე მეცხრე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭრით. ასევე სპროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: ავიაკომპანია Georgian Wings, სასტუმრო Hilton Garden inn Tbilisi Riverview, სადაზღვევო კომპანია Ardi, საყოფაცხოვრებო ტექნიკა Ardesto, პრემიუმ კლასის ბრენდები Zigie-სგან, კორპორატიული და პერსონალური საჩუქრების საწარმო “Chemi“, აუდიოსისტემები “Kreba”, საერთაშორისო ორგანიზაცია MCINERNEY, რესტორანი Ornament Express.
მთავარი მედია პარტნიორები: Fortuna FM და Georgia Today“, – ნათქვამია ინფორმაციაში.