საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების მიზნით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100,800-დოლარიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ხელშეკრულება 2025 წლის 29 ივლისს გაფორმდა და ის გათვალისწინებულია გამარტივებული შესყიდვის წესით. პროექტის განხორციელება 2026 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულდეს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ისინი ემსახურებიან ძირითადად ინდოელ წყვილებს ქორწილების UAE-ში, საფრანგეთში, ქუვეითში, აზერბაიჯანში, მალტაზე, კატარში, შვეიცარიასა და მალდივებზე ორგანიზებაში.
კომპანიის ვალდებულებები მოიცავს:
საქორწილო ტურიზმის მიმართულებით რამდენიმე ძირითადი ღონისძიების ორგანიზებას:
· Focus Group + Networking Session დუბაიში (2025 წლის აგვისტოში), რომლის ღირებულება შეადგენს $30,000-ს;
· 2-დღიანი სასწავლო სესია სასტუმროებისა და ლოკაციების გაცნობით საქართველოში (2025 წლის ოქტომბერში) – $24,000;
· ქვეყნისთვის საქორწილო ტურიზმის გზამკვლევის (Destination Wedding Guide) შექმნასა და გავრცელებას სოციალურ ქსელებში ინდოეთისა და არაბული ქვეყნების აუდიტორიისთვის – $42,000.
საერთო ღირებულება შეადგენს $100,800-ს, რაც მოიცავს როგორც მომსახურების, ისე წარმოების ხარჯებს. თანხა ეტაპობრივად უნდა გადაეხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების საფუძველზე.
მთავარი მიზანი არის საქართველოს პოზიციონირება როგორც ინდოეთის მცხოვრებლებისთვის მიმზიდველი ქორწინების ლოკაცია. მომსახურებაში შედის ღონისძიებების დაგეგმვა, ბრენდინგის დიზაინი, პრეზენტაციების მომზადება, აუდიტორიის ჩართულობის ორგანიზება და სარეკლამო გზავნილების ოპტიმიზაცია.
შესაბამისი ვალდებულებები მხარეებს შორის დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულებაში, რომელიც მესამე პირების მხრიდან პრეტენზიების თავიდან აცილების ვალდებულებებს, მომსახურების ხარისხის კონტროლს და ანგარიშსწორების მკაცრად განსაზღვრულ პირობებს გულისხმობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ივნისში კომპანია THINKSTRAWBERRIES LUXURY TRAVEL MARKETING PVT-თან გაფორმებულ მარკეტინგულ კონტრაქტშიც არის საუბარი ინდოეთში საქართველოში ქორწილის გადახდის პოპულარიზაციის კამპანიის შესახებ და შეთანხმება ინდოელი ქორწილების დამგეგმავების საქართველოში ვიზიტებსაც ითვალისწინებს.
წყარო: bm.ge
