ტურავა პაპუაშვილის განცხადებაზე: არ ვიცი შინაარსი, თუმცა ტოლერანტობის ფარგლებში იქნებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ ტოლერანტობის ცენტრის შესახებ ს განცხადება არ მოუსმენია, თუმცა პაპუაშვილის “პიროვნებიდან და მანდატიდან” გამომდინარე დარწმუნებულია, რომ ის “მისაღები” იქნებოდა.
“მე არ ვიცი განცხადების შინაარსი და მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება იქნებოდა და არის იმ ტოლერანტობის ფარგლებში, იმ ნებადართულობის ფარგლებში და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც პოლიტიკოსებს ასეთ თემებთან დაკავშირებით გააჩნიათ […]
მისი პიროვნებიდანაც და მისი მანდატიდანაც გამომდინარე [ვამბობ ამას], ვინაიდან, ის არის პარლამენტის თავმჯდომარე, მას ყოველთვის გააზრებული აქვს განცხადებების შინაარსი, რასაც ის აკეთებს და ამ შემთხვევაშიც, ის, ჩემი აზრით, ისეთ განცხადებას გააკეთებდა, რომელიც პოლიტიკოსისათვის, ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლისთვის არის მისაღები და ნებადართული”, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
შაბათს ჩანიშნულ სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკ, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს დაესხა თავს და ისინი “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში” დაადანაშაულა.
პაპუაშვილმა ისაუბრა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მაგალითად მოიყვანა იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატთან დაკავშირებული ინციდენტი და ამ შეტევას “კოორდინირებული” უწოდა.
მისი თქმით, “დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის” ნაზავი გასცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ “საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა არასამთავრობო სექტორების დაფინანსებაზეც და თქვა, რომ “ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან”.
მან ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი, ბექა მინდიაშვილი “რელიგიურ შეუწყნარებლობასა და რელიგიური ისტერიის გაღვივებაში” დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამით ფინანსდება.