„ტროტუარის საქმეებში ასპარეზზე ლევან მურუსიძე გამოჩნდა“ — ადვოკატი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემ განიხილა ე.წ. ტროტუარის საქმე ლაშა სონგულიას მიმართ და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის -სთვის დაბრუნების შესახებ.
ლაშა სონგულიას ადვოკატი მარიკა არევაძე ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ. ტროტუარის საქმეებში ასპარეზზე ლევან მურუსიძე გამოჩნდა.
„ლაშა სონგულია აქტიურად მონაწილეობს პროტესტში. ერთხელ უკვე იყო დაკავებული გზის გადაკეტვის გამო და ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის მერე, ტროტუარზე დგომის გამო, მასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საჩივარი შევიდა საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საქმე შეწყვიტა, რადგან სისხლის სამართლის ნიშნებს ხედავდა. მოგეხსენებათ, ბოლო ცვლილებებით ერთ მუხლში მოაქციეს ტროტუარზე დგომა და [სამანქანო] გზის გადაკეტვა და განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა იწყება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მარიკა არევაძემ.
ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, ასევე ლევან სონგულიას და კიდევ რამდენიმე ადამიანის სახელით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
„სააპელაციოში მურუსიძემ უკვე მიიღო დადგენილება. მან არ დააკმაყოფილა სარჩელი, თქვა რა, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ შეწყვეტა სწორი იყო. შესაბამისად, მიიჩნია, რომ საქმე სისხლის სამართლის ნიშნებით უნდა გადაეცეს -ს. მე რაც ვიცი, „ტროტუარის საქმეებზე“ სააპელაციოში პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა მურუსიძემ და შსს-ს დაუბრუნა უკან სისხლის სამართლის ნიშნების გამო. მე ვფიქრობ, დაუდგინა პრაქტიკა, რომ მერე სხვებმაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღონ“, — ამბობს არევაძე.
ცნობისთვის, „ტროტუარის საქმეები” განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით, რომელიც აქციის მოწყობის წესებს არეგულირებს. ადრე ამ მუხლით აკავებდნენ მოქალაქეებს, რომლებიც, შსს-ს მტკიცებით, უკანონოდ კეტავდნენ სამანქანო გზას.
„ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ მოქალაქე ამ მუხლს მეორედ დაარღვევს, მის მიმართ უკვე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება. ამ შემთხვევაში პატიმრობის ვადა ერთ წლამდეა განსაზღვრული.
ლევან მურუსიძე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ფიგურაა. ის წლებია ასოცირდება ე.წ. „მოსამართლეთა კლანთან“, რომელიც, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლებას მართავს. თავის მხრივ მურუსიძე უარყოფს კლანის არსებობას და ოპონენტებს ადანაშაულებს სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში ცრუ ცნობებისა და შეფასებების გავრცელებით.
დღეისათვის ლევან მურუსიძე არის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სწორედ იუსტიციის საბჭოა ის ორგანო, რომელიც ნიშნავს მოსამართლეებს და წყვეტს მათ დისციპლინურ საკითხებს.
მისი სახელი დაკავშირებულია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მომხდარ რამდენიმე რეზონანსულ საქმესთან, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. ყველაზე ცნობილია სანდრო გირგვლიანის საქმე, სადაც მურუსიძემ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის განაჩენი, რომლითაც ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდათ. მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე თქვა, რომ სასამართლო სისტემამ “შოკისმომგვრელი” გზით იმოქმედა.
2023 წლის აპრილში ლევან მურუსიძე, კიდევ სამ მოსამართლესთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.
· მიზეზი: -ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა „მნიშვნელოვან კორუფციაში“, სასამართლო სისტემაში გავლენების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულების პროცესში ჩარევა.
· მას და მისი ოჯახის წევრებს -ში შესვლა აეკრძალათ.
თავად მურუსიძე ბრალდებებს უარყოფს. ის აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური თავდასხმა დასავლური ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რათა მოხდეს სისტემაზე გარე კონტროლის დამყარება.