ტრეფიკინგი საქართველოში, მოწყალების თხოვნა, სანთლების, ხატების და წვრილმანი ნივთების გაყიდვა – სწორედ ეს იყო 17 წლის არასრულწლოვანი გოგონას ვალდებულება, რომელი მას გამოძიების ვერსიით მშობელმა იძულებით დააკისრა.
ე.წ. სამუშაო სივრცე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ერთ-ერთი მონაკვეთი იყო. სწორედ აქ არის გადაღებული გამოძიების ფარული ვიდეომასალა, სადაც მოზარდის გადაადგილება და მოქმედება ჩანს. ასახულია ის მომენტიც, როგორ გადასცემს ის შეგროვებულ ფულს მშობელს..
საქმის მასალებში აუდიო ფაილებიც დევს, სადაც ტრეფიკინგში ბრალდებული ქალი შვილისგან კონკრეტული თანხის მიტანას მოითხოვს. ერთ-ერთ საუბარში კი ისმის, რომ არასრულწლოვანს არც ფიზიკურად მუშაობა შეუძლია და ფეხსაცმელიც არ აქვს.
სამართლებრივი შეფასება ცალსახაა – ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის შრომითი ექსპლუატაცია.. თუმცა ადვოკატი, რომელიც დაკავებული ქალის უფლებებს იცავს, ამ საქმის მძიმე სოციალურ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მარტოხელა დედისთვის ქუჩაში ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და ამას შვილთან ერთად თავადაც აკეთებდა.
მოპოვებული მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოსთვის ტრეფიკინგის მუხლით ბრალის წარსადგენად საკმარისი აღმოჩნდა. პროკურორის განმარტებით, არასრულწლოვანს მისი მშობელი შემწეობის თხოვნას და ქუჩაში ვაჭრობას რამდენიმე თვის განმავლობაში აიძულებდა. ამ ფაქტის შესახებ იცოდა კიდევ ორმა პირმა,რომლებიც დანაშაულს მალავდნენ. ფაქტის შეუტყობინებლობისთვის ისინი შესაძლოა პატიმრობაში 3-დან 7 წლამდე ვადით დატოვონ.
ტრეფიკინგში ბრალდებულ ქალს დახურულ სასამართლო სხდომაზე წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმის განხილვა არსებით ეტაპზე გადადის, სადაც გარემოებები სასამართლომ უნდა შეისწავლოს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ქალს 14-დან 17 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.