ტრანზაქციების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 100,000-მდე შეადგინა, ხოლო მომსახურების დანერგვიდან დღემდე 6,620,258 ტრანზაქცია განხორციელდა – სემეკი

*303#-ზე მიმართვიანობა (მომსახურება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია) 2023-2024 წლებში წინა წლებთან შედარებით დასტაბილურდა, რაც მიგვანიშნებს, რომ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალურ მომსახურებას თავისი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ტრანზაქციების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 100,000-მდე შეადგინა, ხოლო მომსახურების დანერგვიდან დღემდე 6,620,258 ტრანზაქცია განხორციელდა.
“კომისიის, ლიცენზიატი კომპანიებისა და მობილური ოპერატორების (მაგთი, სილქნეტი, სელფი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებლებმა შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე *303# აკრეფით ისარგებლონ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებებით, კერძოდ:
1. დაამატონ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე
2. მიიღონ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმონ მიმდინარე ბალანსი;
3. მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება;
4. მოითხოვონ მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმება;
5. დააფიქსირონ ავარიული წყვეტა ოპერატიული რეაგირებისთვის.
მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს: ისიც, რომ *303#-ით სარგებლობისთვის არ არის საჭირო წინასწარ აპლიკაციის დაყენება ან ამ მომსახურებისთვის რეგისტრაცია – სისტემა თვითონ ახდენს მომხმარებლის ამოცნობას მობილურის ნომრის მეშვეობით სამივე სექტორის ლიცენზიატთა ბაზებში; ამ მომსახურებით სარგებლობა ასევე არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას და ხელმისაწვდომია ყველა სახის მობილური ტელეფონისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.