ამერიკის შეერთებული შტატები შექმნის ახალ ანტისარაკეტო სისტემას Golden Dome (ოქროს გუმბათი), რომლის ღირებულება 175 მილიარდი დოლარი იქნება. ამის შესახებ 20 მაისს, თეთრ სახლში განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ახალი სისტემის შექმნის განკარგულებას ხელი ინაუგურაციიდან ერთ კვირაში, 2025 წლის 27 იანვარს მოაწერა და თავდაცვის სამინისტროს ორი თვის ვადა მისცა არსებული სისტემის გარდაქმნის გეგმის მოსამზადებლად.
20 მაისს, თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებს ზებგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან დაიცავს ხმელეთიდან, ზღვიდან და კოსმოსიდან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ დაუსახელებია რომელიმე კონკრეტული ქვეყანა, რომელიც ამერიკას შესაძლოა, რაკეტებით ემუქრებოდეს, მაგრამ განაცხადა, რომ ახალი სისტემა მოიგერიებს დედამიწის სხვა ნაწილიდან, ან კოსმოსიდან გაშვებულ რაკეტებსაც კი და მისი ეფექტიანობა თითქმის 100% იქნება.
დონალდ ტრამპის თანახმად, ახალი სისტემა მწყობრში უნდა ჩადგეს მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე. პრეზიდენტ ტრამპის უფლებამოსილება 2029 წლის იანვარში იწურება.
დონალდ ტრამპმა ახსენა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ და განაცხადა რომ ახალი ამერიკული სისტემა გაცილებით სრულყოფილი იქნება.
ტელეკომპანია CNN-ი ახალი ანტისარაკეტო სისტემის შექმნის მიზნით მიმდინარე განხილვების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „ოქროს გუმბათი“ ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რადგან სისტემის მუშაობის დეტალები ამ ეტაპზე გარკვეული არ არის.
რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, როგორც BBC წერს, 175 მილიარდი დოლარი მხოლოდ წინასწარი ოფიციალური შეფასებაა. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დათვლით, სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, მხოლოდ კოსმოსური კომპონენტისთვის ოცი წლის განმავლობაში 524 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
ფორუმი
