მისი განცხადებით, “ბუნებრივია”, რომ ორი პრეზიდენტის საუბარი დაიწყო “უკრაინის გარშემო არსებული ვითარების განხილვით”, რა დროსაც პუტინმა ტრამპს “დაწვრილებით მოუთხრო სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგებზე”.
უშაკოვის თანახმად, პუტინს ხაზი გაუსვამს, რომ “უკრაინა შეეცადა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, განახორციელა რა კიევის რეჟიმის პირდაპირი მითითებით, მიზანმიმართული თავდასხმები წმინდად სამოქალაქო სამიზნეებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე. საერთაშორისო სამართლით ეს ერთმნიშვნელოვნად კვალიფიცირდება ტერორიზმად და ჩვენი აზრით, კიევის რეჟიმი თავისი არსით იქცა ტერორისტულ ორგანიზაციად”, – აცხადებს უშაკოვი და განაგრძობს, რომ რუსეთის მხარე “არ წამოეგო პროვოკაციებს და მეორე რაუნდი სტამბოლში, როგორც ცნობილია, შედგა”.
ამის შემდეგ პუტინის თანაშემწე ამბობს: “ჩვენი პრეზიდენტი დაწვრილებით შეჩერდა მოლაპარაკებების შინაარსზე, მათ შედეგებზე და ხაზი გაუსვა, რომ მთლიანობაში, ეს მოლაპარაკებები სასარგებლო იყო. ერთმანეთისთვის გადაცემული მემორანდუმები გაანალიზდება დედაქალაქებში – მოსკოვსა და კიევში – შემდეგ კი ვიმედოვნებთ, მხარეები შეძლებენ მოლაპარაკებების გაგრძელებას”.
უშაკოვი ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბრისას განხილული იყო რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმა. უკრაინის მიერ განხორციელებულ ოპერაცია “ობობას ქსელზე” ის პრეზიდენტების საუბრიდან მხოლოდ ერთ დეტალს აღნიშნავს:
“დონალდ ტრამპმა კვლავ დაადასტურა, რომ ამერიკელები არ იყვნენ ამის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული”.
პუტინის თანაშემწის თქმით, პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ “შემდგომშიც გააგრძელონ კონტაქტები უკრაინის სიუჟეტზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, აგრეთვე სხვა დონეებზე და სხვა არხებითაც”.
უკრაინის მიღმა სხვა თემებს შორის უშაკოვი ასახელებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს:
“აქცენტით ირანის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ერთგვარად გაჭედილ სიტუაციაზე. დონალდ ტრამპი თვლის, რომ აქ, შესაძლოა, აუცილებელი იყოს რუსეთისგან ხელშეწყობა და მადლიერი იქნებოდა, თუკი რუსეთი შეძლებდა შესაბამისი სახით ემუშავა ირანის მხარესთან”.
კრემლის წარმომადგენლის სიტყვებით, საუბარი შეეხო აგრეთვე ინდოეთსა და პაკისტანს შორის “პრეზიდენტ ტრამპის პირადი მონაწილეობით შეჩერებულ შეიარაღებულ კონფლიქტს”. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა გაცვალეს მოსაზრებები “სხვადასხვა სფეროში რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე, რომლებსაც, ორი პრეზიდენტის აზრით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს”.
კომენტარის დასასრულ, უშაკოვმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმაც და ვლადიმირ პუტინმაც “მაღალი შეფასება მისცეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის ძალისხმევას”.
ორი ქვეყნის ლიდერების 4 ივნისის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დონალდ ტრამპმა გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ “კარგი საუბარი იყო”, მაგრამ არა ის, “რომელიც მყისიერ მშვიდობამდე მიგვიყვანს”. ამასთან კრემლისგან განსხვავებით, ტრამპი წერს, რომ ოპერაცია “ობობას ქსელის” პასუხად პუტინს განუცხადებია, რომ “იძულებული იქნება, უპასუხოს საჰაერო ბაზებზე ბოლოდროინდელ თავდასხმას”.
ფორუმი
