ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს, 18 მარტს გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 16 მარტს, საღამოს განუცხადა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.
პრეზიდენტ ტრამპის თანახმად, გასული კვირის ბოლოს დიდი სამუშაო ჩატარდა. „გვსურს ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ომის დასრულებას“, – განაცხადა ტრამპმა. მან არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგი არ გამორიცხა, თუმცა, თქვა, რომ „კარგი შანსები“ არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან განიხილება „გარკვეული აქტივების გაყოფა“ და საუბარი იქნება ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
ამ მოლაპარაკებიდან გასული ექვსი დღის განმავლობაში რუსეთს ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.
გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
