აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს მომავალ კვირაში პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შემდეგ კი აპირებს შეხვედრას პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. ინფორმაციას New York Times ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპმა საკუთარი გეგმის შესახებ ევროპელ ლიდერებს ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას აცნობა. ხაზზე იყო ზელენსკიც. ტრამპს სურს, რომ შეხვედრები მხოლოდ ამ სამი ლიდერის მონაწილეობით გაიმართოს და მასში ევროპელმა ლიდერებმა არ მიიღონ მონაწილეობა.
ტრამპს ოთხშაბათს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, დაეთანხმნენ თუ არა რუსეთი და უკრაინა ამ სამმხრივ შეხვედრას, მან უპასუხა: „არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ ისინი დაეთანხმებიან.“
პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ზელენსკიმ გარკვეული მინიშნება გააკეთა, რომ პირდაპირი შეხვედრა შესაძლებელია. – ,,ახლა რუსეთი უფრო მობილიზებულია ცეცხლის შეწყვეტის მიმართ. მათზე წნეხი შედეგს იძლევა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა, ოთხშაბათს თქვა, რომ შეხვედრის ინიციატივა რუსეთმა გამოთქვა: „რუსებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვედროდნენ პრეზიდენტ ტრამპს, და პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტ ტრამპს სურს, დასრულდეს ეს სასტიკი ომი.“ – განაცხადა ლევიტმა.
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ იზოლირებულია მსოფლიოს ლიდერების მხრიდან, რომლებსაც არ უნდოდათ მასთან პირისპირ შეხვედრა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტისთვის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა შესაძლოა გამარჯვებად ჩაითვალოს. ტრამპის გეგმა ადასტურებს, რომ მას ღრმად სჯერა საკუთარი ძალების და გავლენების, რადგან მიაჩნია, რომ პირისპირ შეხვედრა ერთადერთი გზა შეთანხმების მისაღწევად.
თუ ტრამპის სურვილი სისრულეში მოვიდა და შეხვედრა შედგება, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება. ბოლოს ასეთი შეხვედრა 2021 წლის ივნისში, ჟენევაში გაიმართა, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირისპირ შეხვდა ვლადიმერ პუტინს.
