“ნუთუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, მედვედევისგან გავიგონე, რომ დაუდევრად ისვრის „სიტყვას ბ-ზე“ (ბირთვული!) და ამბობს, რომ ის და სხვა ქვეყნები ბირთვულ ქობინებს მიაწვდიან ირანს? ნუთუ მან ეს მართლა თქვა, თუ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია?” – ასე გამოეხმაურა 23 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის 22 ივნისის პოსტს, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
ტრამპმა აგრეთვე დააზუსტა: “თუკი მან ეს თქვა და თუკი დადასტურდება, გთხოვთ მაცნობოთ, დაუყოვნებლივ! „სიტყვა ბ-ზე“ ასე დაუდევრად არ უნდა იყოს გამოყენებული. როგორც ვხვდები, ამიტომაც არის პუტინი „ბოსი“. სხვათა შორის, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი „ტექნიკა“, რომელიც გასულ შაბათ-კვირას გამოვიყენეთ, იყო შესანიშნავი, მასზე ბევრად ძლიერი და საუკეთესო ტექნიკა, რომელიც გვაქვს, მას 20 წლით უსწრებს და ეს არის ჩვენი ბირთვული წყალქვეშა გემები. ისინი არის უძლიერესი და ყველაზე ლეტალური იარაღი, რაც კი ოდესმე შექმნილა და ახლახან გაუშვა 30 „ტომაჰავკი“ – ოცდაათივემ შესანიშნავად მოარტყა მიზანში. ასე რომ, ჩვენს დიდებულ მოიერიშე პილოტებთან ერთად, მადლობა კაპიტანსა და ეკიპაჟს!”
დონალდ ტრამპის 23 ივნისის განცხადებას დმიტრი მედვედევმა ისევ X-ზე უპასუხა:
„პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებას რაც შეეხება: ვგმობ აშშ-ის ირანზე დარტყმას – მან ვერ მიაღწია მიზნებს. თუმცა რუსეთს არ აქვს განზრახული, ბირთვული იარაღი მიაწოდოს ირანს, რადგან, ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ მხარეები.
საკმაოდ კარგად ვიცი, ამას რა მოჰყვება, ვინაიდან პრეზიდენტობისას ვკურირებდი ჩვენს ბირთვულ ძალებს. თუმცა სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ამისი გაკეთება და ეს იყო ნათქვამი”.
მედვედევი ტრამპს შეახსენებს, რომ ხელშეკრულება კვლავაც ძალაშია:
“ჩვენ ნამდვილად არ უნდა ვკამათობდეთ იმაზე, ვის მეტი ბირთვული იარაღი აქვს. მით უმეტეს, რომ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება, რომელსაც ერთ დროს ხელი მოვაწერე აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, ჯერაც ძალაშია – ამ დრომდე. საკითხავი ისაა: ამის შემდეგ რა ხდება?“ – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი ტრამპის პოსტის პასუხად.
22 ივნისს დმიტრი მედვედევის მრავალპუნქტიანი პოსტის ორი აბზაცი ასეთი შინაარსის იყო:
„2. ბირთვული მასალის გამდიდრება – და ახლა შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება – გაგრძელდება.
3. რიგი ქვეყნებისა მზად არიან, პირდაპირ მიაწოდონ ირანს თავიანთი ბირთვული ქობინები“.
ფორუმი
