ტრამპი ზელენსკის შესაძლოა, მომავალ კვირაში შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ნიუ-იორკში შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
მომავალ კვირაში ნიუ-იორკში იწყება გაეროს გენერალური ასამბლეის სესია, რომელსაც ტრამპი და ზელენსკიც დაესწრებიან.
16 სექტემბერს, ისრაელში ვიზიტის შემდეგ კატარში გამგზავრების წინ რუბიომ მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მცდელობებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ რაღაც მომენტში შესაძლოა, დაასკვნას, რომ ეს შეუძლებელია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
დონალდ ტრამპს არაერთი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.
ბოლო ხანს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ისიც, რომ მშვიდობის მისაღწევად პროგრესის არარსებობის შემთხვევაში რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუმცა ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია