აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარწმუნებით განაცხადა, რომ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების, და ასევე თავად ტრამპის მონაწილეობით. ეს ტრამპმა თქვა ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოცემამ Daily Caller.
ამასთან, ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვის პერსპექტივა, აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე. “ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი გაიმართება” – განაცხადა ტრამპმა. მას არ დაუკონკრეტებია შეხვედრის შესაძლო თარიღი ან ადგილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ კონფლიქტის მალე დასრულების იმედი ჰქონდა, პუტინთან თავისი კარგი ურთიერთობის გათვალისწინებით. მაგრამ, ტრამპის თქმით, შესაძლოა მხარეები ჯერ არ იყვნენ მზად მშვიდობისთვის. ტრამპმა რუსეთი და უკრაინა შეადარა მოჩხუბარე ბავშვებს, რომლებიც არ რეაგირებენ ჩხუბის შეწყვეტისკენ მოწოდებებზე, მაგრამ ადრე თუ გვიან თავად ისურვებენ გაჩერებას. ომის გაგრძელებას მან “სისულელე” უწოდა.
ტრამპი ასევე შეეხო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხს. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები არ გაიგზავნებიან უკრაინაში, და გარანტიებს უწინარესად ევროპის ქვეყნები უზრუნველყოფენ. აშშ, ტრამპის თქმით, მზად იქნება დახმარებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შორის საჰაერო ფორმით. ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში აშშ უკრაინას იარაღს პირდაპირ არ უგზავნის – იარაღს აშშ-სგან ნატოს ქვეყნები ყიდულობენ და შემდეგ გადასცემენ უკრაინას.
ტრამპი იანვარში შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას და რუსეთს და უკრაინას მას შემდეგ მოუწოდებს კონფლიქტის დასრულებისკენ. მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მმართველებთან. 15 აგვისტოს ალიასკაში გაიმართა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მშვიდობისკენ გზაზე წინსვლაა, თუმცა სამშვიდობო მოლაპარაკება ჯერ მიღწეული არ არის.
ტრამპმა მხარი დაუჭირა ზელენსკის იდეას რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის აუცილებლობაზე და თქვა, რომ ამას, შესაძლოა, მოჰყვეს სამმხრივი შეხვედრა. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული პირობებით – კონტექსტიდან გამომდინარეობს, რომ საქმე ეხება პრინციპული შეთანხმებების მიღწევას საკუთრივ შეხვედრამდე.
ტრამპის განცხადებას, რომ სამმხირივი შეხვედრა გაიმართება, კრემლი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ფორუმი
