აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს მას მერე, რაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში სროლა იყო ამომრჩეველთან მის შეხვედრაზე.
სამართალდამცავების განცხადებით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ როგორ ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას. მათივე ცნობით, მსროლელი ტრამპის შეხვედრის გარეთ იმყოფებოდა, და ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ინციდენტის შედეგად დაღუპულია კიდევ ორი ადამიანი.
“პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცველებს და პირველადი რეაგირების [თანამშრომლებს] მათი სწრაფი მოქმედებისთვის ამ ვერაგული შემთხვევის დროს” – წერს ტრამპის პრესმდივანი და დასძენს “იგი თავს კარგად გრძნობს და შემოწმება უტარდება ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში. სხვა დეტალები მოგვიანებით გავრცელდება”.
საიდუმლო სამსახური გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ “ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა”.
ბატლერის საგრაფოს პროკურორი, რიჩარდ გოლდინგერი სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ სავარაუდო მსროლელი მკვდარია, დაღუპულია შეხვედრის სულ მცირე ერთი მონაწილე.
ტრამპი – რომელსაც რესპუბლიკური პარტია დიდი ალბათობით პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს 2024 წლის არჩევნებზე – ხალხს აჩვენებდა საზღვარზე გადასვლის მონაცემებს, როცა გაისმა როგორც ჩანს სროლის ხმა.
ინციდენტიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ ტრამპი მარჯვნივ შებრუნდა, ხელი მარჯვენა ყურზე მიიდო და ჩაიმალა, როცა მის წინ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები დაჯგუფდნენ ცოცხალი კედლის ფორმით.
ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და ჰაერში მუშტი მოიღერა, მანქანაში ჩაჯდომამდე.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია ამ ინციდენტის შესახებ.