ამერიკის შეერთებული შტატები აუქმებს ბელარუსის კალიუმისთვის დაწესებულ სანქციებს – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, ჯონ კოული, ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მინსკში შეხვედრის შემდეგ.
“პრეზიდენტ ტრამპის მითითებების შესაბამისად, აშშ კალიუმს სანქციებს უხსნის. ვფიქრობ, ეს აშშ-სგან ძალიან კარგი ნაბიჯია ბელარუსისთვის. ჩვენ მათ ახლავე ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის კავშირების ნორმალიზაციის გათვალისწინებით მოხსნილი იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია” – კოულის ამ სიტყვებს ავრცელებს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ბელტა”.
ჯონ კოული ორი დღის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს ლუკაშენკასთან მინსკში. მან მოლაპარაკებას უწოდა “ძალიან პროდუქტიული”.
კომპანია “ბელარუსკალიისთვის” სანქციების მოხსნის პასუხად ლუკაშენკამ გაათავისუფლა ასზე მეტი პოლიტპატიმარი.
აშშ-მა “ბელარუსკალიი” სანქციების ნუსხაში 2021 წლის აგვისტოში შეიყვანა. ეს კომპანია არის კალიუმის სასუქის უმსხვილესი მაწარმოებელი ევროპაში. სანქციები დაწესდა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე – ეს კენჭისყრა დასავლეთის სახელმწიფოებმა არ სცნეს, გაყალბების შესახებ ცნობების გამო.
ფორუმი




