ტრამპის მუქარის შემდეგ ინდურმა გადამამუშავებელმა აშშ-სა და საამიროების ნავთობი იყიდა – Bloomherg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ -სა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობი შეისყიდა იმ ფონზე, როცა სგან ნავთობის ყიდვის გამო ინდოეთზე აშშ-სა და ევროკავშირის წნეხი მატულობს.
ნავთობით მოვაჭრეების მიხედვით, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა Indian Oil Corp.-მა აშშ-სგან, სულ მცირე, 5 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი იყიდა, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან – 2 მილიონი ბარელი.
Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ ეს კომპანიისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის შესყიდვები იყო და ამავდროულად, ნავთობის მიწოდება შედარებით სწრაფად იყო დაგეგმილი. გამოცემის ცნობით, მთავრობის მფლობელობაში არსებულ ნავთობგადამამუშავებლებს მიმდინარე კვირაში არარუსული ნედლი ნავთობის შესაძენად შესაბამისი გეგმების შემუშავება დაავალეს.
1-ელ აგვისტოს Bloomberg-მა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდი სულ მცირე ოთხი ტანკერი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს მიმდებარე წყლებში იცდიან. გემების სამეთვალყურეო მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა წერდა, რომ Achilles-სა და Elyte-ს ინდოეთის ქალაქ ჯამნაგართან აქვთ ღუზა ჩაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ 30-31 ივლისს მათ ჩასვლას სიკაში მოელოდნენ.
გამოცემის მიხედვით, ხომალდები ივნისის ბოლოს პრიმორსკსა და უსტ-ლუგაში დატვირთეს, საიდანაც როგორც წესი ურალის ნედლი ნავთობის ექსპორტი ხდება. ორივე ტანკერი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერაა დასანქცირებული.
Bloomberg-ის მონაცემებით, კიდევ ორი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი, Destan და Horae, ასევე ინდოეთის სანაპიროსთანაა გაჩერებული. EU-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული Destan სიკაში 24-25 ივლისს უნდა ჩასულიყო, ხოლო დაუსანქცირებელი Horae – 1-ელ აგვისტოს.
მანამდე, 31 ივლისს, Reuters წერდა, რომ ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო გააფრთხილა და წინა კვირაში სხვა ალტერნატივებთან შედარებით რუსული ნედლი ნავთობის ფასმა იმატა.
ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ კვირაში ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს – Indian Oil Corp-ს, Hindustan Petroleum Corp-ს, Bharat Petroleum Corp-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-ს – რუსული ნავთობის არ შეუსყიდიათ.
წყაროების მიხედვით, ხსენებული ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ამჯერად მის ჩასანაცვლებლად სპოტ ბაზარი აირჩიეს – მეტწილად ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის ნავთობი.
Reuters-ის ცნობით, ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველები კერძო ნავთობგადამამუშავებლები – Reliance Industries და Nayara Energy – არიან, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის 60%-ს აკონტროლებენ.
ინდოეთი მსოფლიოს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის სიდიდით რიგით მესამე ქვეყანაა და ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია.