ტრამპს უნდა ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გადააყენოს, რომელიც წინა პრეზიდენტობის დროს თავად დანიშნა.
რას ერჩის ტრამპი ამერიკის ცენტრალურ ბანკს? იმას, რომ იგი არ აძლევს იაფ სესხებს კომერციულ ბანკებს, რაც მისი აზრით, ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობდა ხელს. იგი არაერთხელ მოუწოდებდა ე. წ. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ, რასაც ეწინააღმდეგებოდა FRS-ის, ფეფერალური სარეზერვო სისტემის( ასე ჰქვია) თავმჯდომარე. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც საპროცენტო განაკვეთი კვლავ არ შეამცირა, ტრამპმა ჯერომ პაუელს ჯიუტი იდიოტი უწოდა და პენსიაზე დროული წასვლისკენ მოუწოდა. ტრამპის აზრით, პაუელი შეგნებულად აზიანებს ეკონომიკას, რათა არ გამოჩნდეს მისი მიღწევები. მსგავსი მონეტარული პოლიტიკის გატარება დააძალა ერდოღანმა თურქეთის ცენტრალურ ბანკს წინასაარჩევნოდ, რასაც მოჰყვა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ფასების წლიურად 80 პროცენტით მატება. ეს ამბები არ მომიყოლია ამ ქვეყნების ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში არსებული წინააღმდეგობების საჩვენებლად. ეს სულ სხვა მიზანს ემსახურება-ავხსნა, თუ რა არის ე. წ. დიპ სტეიტი, რომელიც წესიერად არავინ იცის, თუ რა ხილია. მის შეთხზვას გონიერი ადამიანები შეთქმულების თეორიებს მიაწერენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ უთხრა ტრამპს, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ტრამპის აზრით “დიპ სტეიტი” არის სწორედ ის “პენსიონერი” კაცი ცენტრალურ ბანკში, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი, ქვეყნისათვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში. “დიპ სტეიტია” ბიუროკრატია, სასამართლო სისტემა, სპეცსამსახურები, სამხედროები, ლიბერალური მედია და ა. შ. , რომლებიც “ბორბალში ჯოხებს უდებენ” და ხელს უშლიან განვითარებას, პროგრესს. რას ვერჩით ამ “დიპ სტეიტს”, სინამდვილეში ჯანსაღი სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილან:) “ოცნება”, იხსენიებს რა “დიპ სტეიტს” როგორც ბოროტ ძალას და ქართველობის მტერს, იმოწმებს ტრამპს, მაშინ როცა ტრამპი სულ სხვა შინაარს დებს მასში. ქართული “დიპ სტეიტები” ბიუროკრატია და შიდა ხელისშემშლელი ძალები კი არ არიან, არამედ ესაა კოლექტიური დასავლეთი, ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები, ამერიკა. ტრამპიც “დიპ სტეიტია”, რადგან მისი გავლენის ქვეშაა თურმე. ამ ძალას ჰყავს თავისი აგენტურა საქართველოში. ესენია პროდასავლური პარტიები, არასამთავროები, დამოუკიდებელი მედია და ა. შ. მოკლედ, საშინაო მოხმარების “დიპ სტეიტი” არაა “ნამდვილი” “დიპ სტეიტი”, იგი მისი პროვინციული ნაირსახეობა და “ოცნების” ინტერპრეტაციაა:) “დიპ სტეიტის” პირდაპირი თარგმანი არის “ღრმა სახელმწიფო”. რა უნდა დაუპირისპიროთ ამ ღრმა და უზნეო პროპაგანდას? ღრმა პანჩური.
