ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბრისას დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას სერიოზულად აპირებდა. ამის შესახებ ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა გამოცემა Financial Times-თან ისაუბრეს.
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტი დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედრიკსენს გრენლანდიის საკითხზე 45 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა. თეთრ სახლს სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფრედრიკსენმა განაცხადა, რომ მან ტრამპთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ არქტიკული კუნძული – დანიის საფოს ავტონომიური ერთეული, არ იყიდებოდა, მიუხედავად მის მიმართ ამერიკის “დიდი ინტერესისა”.
ხუთმა მოქმედმა და ყოფილმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმაცია აქვთ, გამოცემას უთხრა, რომ საუბარმა ძალიან ცუდად ჩაიარა.
მათ ასევე დაამატეს, რომ ტრამპი აგრესიულობითა და კონფრონტაციულობით გამოიერჩეოდა დანიის პრემიერმინისტრის კომენტარის შემდეგ, რომ გრენლანდია არ იყიდებოდა, მიუხედავად ფრედრიკსენის შეთავაზებისა გრენლანდიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და მინერალების ექსპლუატაციის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.
ერთი მაღალჩინოსნის თქმით, საუბარი “საშინელება იყო”.
“[ტრამპი] ძალიან მტკიცე იყო. ეს ცივი შხაპივით იყო. აქამდე, ამის სერიოზულად მიღება რთული იყო. თუმცა, ვფიქრობ, საქმე სერიოზულადაა და ეს პოტენციურად ძალიან საშიშია”. – დაამატა მეორე მაღალჩინოსანმა.
როგორც Financial Times წერს, საუბრის დეტალები, სავარაუდოდ, გააღრმავებს ევროპულ შეშფოთებას, რომ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება უფრო მეტად დაძაბავს ტრანსატლანტიკურ კავშირებს, ვიდრე ოდესმე, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტი მოკავშირეებზე ტერიტორიის დათმობის მიზნით ზეწოლას აძლიერებს.
ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადა გრენლანდიაზე, პანამის არხსა და კანადაზე კონტროლის მოპოვების სურვილზე საუბრით დაიწყო.
ბევრი ევროპელი მაღალჩინოსანი იმედოვნებდა, რომ მისი კომენტარები “ეროვნული უსაფრთხოების” მიზნებისთვის გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილის შესახებ მოლაპარაკებების ხრიკი იყო, რათა NATO-ს ტერიტორიაზე მეტი გავლენა მოეპოვებინა.
“თუმცა, სატელეფონო ზარმა დანიის პრემიერმინისტრთან ეს იმედები დაამსხვრია და NATO-ს წევრ მოკავშირე ქვეყნებს შორის საგარეო პოლიტიკის კრიზისი გააღრმავა”. – წერს Financial Times.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, ტრამპის ამბიციების გამო, დანიელები “კრიზისის რეჟიმში” და “უკიდურესად გაგიჟებულები” არიან.
ყოფილმა დანიელმა მაღალჩინოსანმა კი, გამოცემასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ფრედრიკსენთან სატელეფონო საუბრისას ტრამპი დანიის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღებით დაიმუქრა, მათ შორის, გამიზნული ტარიფებით.
ამასთან, დანიის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ის “არ ცნობდა ანონიმური წყაროების მიერ გაკეთებულ ინტერპრეტაციებს სატელეფონო საუბარზე”.
ცნობისთვის, გასული წლის 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა აშშ-ს მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი. მან ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც.
“გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება”. – განაცხადა ტრამპმა 7 იანვარს გამართულ პრესბრიფინგზე.
ტრამპის ამ განცხადებას მალევე, 8 იანვარს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუტე ეგედე.
“ჩვენ სრულად ვაღიარებთ, რომ გრენლანდიას საკუთარი ამბიციები აქვს. თუ ისინი მატერიალიზდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი, თუმცა ნაკლებად იმ ამბიციით, რომ გახდეს აშშ-ს ფედერალური შტატი”. – თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.
წყარო: ტაბულა
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ghvino-botlebi-spirtiani-sasmelebi_w_h-KYLQ1B-300x169.jpeg)