ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ორი განცხადება მიუძღვნა.
ქართულ ენაზე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებულ განცხადებაში კობახიძე ტრამპის მკვლელობის მცდელობის უკან ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე მიანიშნებს — ძალაზე, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ გარდა არავინ საუბრობს და თავად მმართველი პარტიის ლიდერებიც არ პასუხობენ კითხვებზე თუ ვის მოიაზრებენ ამ ტერმინის ქვეშ:
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს,“ — ამბობს ირაკლი კობახიძე.
მეორე მხრივ, სოციალურ ქსელ X-ზე უკვე ინგლისურენოვან განცხადებაში, კობახიძე ე.წ. გლობალური ომის პარტიას აღარ ახსენებს და პოლიტიკაში ძალადობის ყველანაირ ფორმას გმობს:
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა.ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!,”-წერია კობახიძის მიერ X-ზე ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეფასებებში უფრო შორს წავიდა მამუკა მდინარაძე, რომელმაც დონალდ ტრამპზე თავდასხმა ე.წ. გლობალური ომის პარტიის არსებობის დადასტურებად შეაფასა:
„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო,“ — დაწერა მამუკა მდინარაძემ „ფეისბუკზე“.
ქართული ოცნების ლიდერების აღნიშნულ განცხადებებს წინ უძღოთა თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ეზრა ზეიას ვიზიტი, რომელმაც ვიზიტის დასასრულს საზოგადოებას აშშ-ის შეშფოთება გაუზიარა „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.
ამომრჩეველთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა სცადეს. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ მას ტყვია ყურის ზედა ნაწილზე მოხვდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს.
ვრცლად წაიკითხეთ: ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია