“ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი…” – მარიტა გუტაშვილი

“თვალის დახამხამებაში გასულ დროზე” და წლებზე ყველამ კარგად ვიცით, რაც უფრო ვიზრდებით უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. ამ ზაფხულს, ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, აი მაშინ, როცა ტასუნას გვირილებისგან გვირგვინი დავუწანი და დედოფლობანას ვეთამაშებოდი, მე, ნატო და დეიდა იმაზე ვსაუბრობდით, როგორ უცებ გავიზარდეთ. ჩვენ სამს ერთმანეთისგან 10-10 წელი გვაშორებდა. ვერცერთს ვერ წარმოგვედგინა ჩვენი შუათანა ნატო 40 წლის. გვიკვირდა როგორ?! რანაირად?! მაგრამ ის უფრო წარმოუდგენელია, როგორ მოვიდა ეს დღე მის გარეშე. 40 წლის გახდა ნატო დღეს, 3 შვილის უსაყვარლესი დედა, ჩემთვისაც უსაყვარლესი ადამიანი; დედობა, დობა , მეგობრობა, ყველაფერი ერთად გამიწია, იმისდა მიხედვით თუ სად ვიყავი და ვინ მჭირდებოდა. დღემდე მახსოვს და მესმის ნატოს სიხარულით სავსე ჩურჩული 30 მარტს გამთენიისას რომ გამაღვიძა: ” მარი, გიგი დაიბადა”. დიახ, სწორად მიხვდით, დებივით ერთად გავიზარდეთ. სიყვარულს?! ვერ აგიღწერთ, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ვსვავ და ვერ ვატევ. ბედნიერი ვარ, რომ ნატოსნაირი ადამიანი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ მისი სიყვარულის ღირსიც ვიყავი. იმედია მეც სათანადოდ გავცემდი სითბოს და სიყვარულს. ძალიან რთულია, ამდენი მოგონების ტრიალი გონებაში, ჩვენ მომავალი უნდა გვქონოდა ერთად. დღეს გამოცარიელებული , უემოციო ვზივარ და ვფიქრობ, არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ჩვენი განშორება, მაგრამ დრო ყველაფრის თუ ვერა, მაგის მკურნალი მაინცაა, აუცილებლად მომიყვანს თქვენთან. Nato Chelidze გილოცავ.