ტორესა მოსი: არ არსებობს კარგი, უსაფრთხო და სასარგებლო ნარკოტიკი. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გთავაზობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს

“არ არსებობს კარგი, უსაფრთხო და სასარგებლო ნარკოტიკი. ყველა ნარკოტიკი გამონაკლისის გარეშე, თამბაქოდან დაწყებული ჰეროინით დამთავრებული, არის მავნე, საზიანო, სიცოცხლისთვის საშიში, აქვს უუუუდიდესი რისკი დამოკიდებულების ჩამოყალიბების, არის არაჯანსაღი ქცევა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური (გნებავთ სულიერი) თვალსაზრისით.
მათ შორის მარიხუანაც არის ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე ნარკოტიკი, აზიანებს თქვენ სხეულს და გონებას.
ნარკოტიკის არ მიღება, იქნება ეს ალკოჰოლი, თამბაქო (მათ შორის ვეიპები და სხვა ჩამნაცვლებლები), მარიხუანა, ექსტაზი, ელესდი, სოკო თუ ა.შ. არის ყოველთვის უფრო სწორი გადაწყვეტილება, ვიდრე მათი მიღება.
როდესაც ვამბობთ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ადამიანები ნარკოტიკების ფლობისა და მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ, არ ვგულისხმობთ (მე ყოველ შემთხვევაში), რომ ნარკოტიკი უსაფრთხოა, არაფერია, არაუშავს თუ იღებ ან მით უფრო რამე გაგებით სასარგებლოა. არა, ამ დროს ვგულისხმობთ მხოლოდ იმას, რომ ციხე არ არის სამკურნალო დაწესებულება და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და არა ციხე. სულ ეს არის.
ნებისმიერი ნარკოტიკის რეგულარული ან არარეგულარული მიღება მიანიშნებს, რომ გაქვს რაღაც პრობლემა, რის გამოც არ შეგიძლია ფხიზელმა მიიღო სიამოვნება, შთაგონება, მუშაობისთვის თუ გართობისთვის საჭირო განწყობა და ა.შ. თუ ნარკოტიკის მიღება გინდება, სწორია მოძებნო პრობლემის სათავე და მოაგვარო პრობლემა. თუ მუსიკას ვერ უსმენ ზემოქმედების გარეშე, ე.ი. ან შენი მუსიკა არ არის, ან მუსიკის აღქმის პრობლემა გაქვს. თუ კლუბში ვერ ერთობი ნარკოტიკის გარეშე, ე.ი. გართობის შენი მეთოდი არ არის. სხვისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვისაც არასოდეს მიუღია ნარკოტიკი, მისი შეთავაზება, არის ბოროტება (კი მეც მომიწევინებია მარიხუანა გამოუცდელი მეგობრებისთვის და კი, ბოროტება იყო და კი სულელი ვიყავი).
ყველა ვინც საპირისპიროს გეტყვით, ან უბრალოდ ვერ ხვდება და არ იცის რაზე ლაპარაკობს, ან თავად არის რეგულარული მომხმარებელი და თავის თავს უმტკიცებს სინამდვილეში, რომ ეს პრობლემა არ არის.
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გთავაზობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს,”- წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.