„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის პლატფორმებზე, ძირითადად, ტიკტოკზე, გავრცელებული მადისკრედიტირებელი კონტენტის ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული.
ISFED-ის თანახმად, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი.
„ანტიოპოზიციურ არხებზე გავრცელებული კონტენტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც იყო გამოყენებული. კერძოდ, გავრცელდა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას, მადისკრედიტირებელი ვიდეო, რომელშიც მისი იმიტირებული ხმა ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიდეოში თავად გახარია საუბრობდა. ანალოგიური ტიპის ვიდეო გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, წინააღმდეგაც. არხმა „qurdzekaci“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებით შექმნილი ვიდეოც, რომელშიც მითითებული იყო, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, თუ არჩევნების შემდეგ წინა ხელისუფლება დაბრუნდებოდა.
ანგარიშის თანახმად, მაგალითად, „ქართული ოცნების“/მთავრობის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ არხზე „forfreedom55“ გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო, რომელიც, ვიდეოს აღწერის მიხედვით, არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხების შემთხვევაში თბილისში გამართულ ზეიმს ასახავდა.
„სოციალურ ქსელებში ანონიმურად მიმდინარე არაეთიკური კამპანია, რაც პოლიტიკური ოპონენტების (ძირითადად, ოპოზიციური პარტიების), ასევე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, ოფიციალური აქტორების მიერ გავრცელებულ ნარატივებშიც აისახა. ამგვარი გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უკვე პროსახელისუფლებო მედიაშიც ვრცელდება. ამასთანავე, მმართველი გუნდის რიტორიკაში შეთქმულების თეორიები, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილები გამოჩნდა.
წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები. ამასთან, გავრცელებული გზავნილები, მნიშვნელოვანწილად, თანხვედრაში მოდის მმართველი გუნდის გზავნილებთან. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით, აქტუალური იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობის შესახებ გავრცელებული შეთქმულების თეორიები“, – აღნიშნავს ISFED.
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის ყოვლისმომცველ მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაცია დააკვირდა 2024 წლის ოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, 27 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების ოფიციალურ აქტივობას ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ტელეგრამზე, საჯარო მოსამსახურეების მიერ უკანონო აგიტაციის წარმოების შემთხვევები ფეისბუქზე.