ტვ პირველის დაკავებული ჟურნალისტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. გიორგი მამნიაშვილის ადვოკატის თქმით, იზოლატორში შესახლებამდე ჟურნალისტზე შეურაცხყმყოფელი და კანონით აკრძალული ქმედება განხორციელდა – დაკავებული სრულად გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.
ამასთან, ინტერესების დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მამნიაშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
“ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს ხელშეკრულეით აღებული ტელეკომპანია პირველთან. ის იღებდა მიმდინარე მოვლენებს და აწვდიდა ნიუსრუმს მყისიერად როგორც წერილობით, ასევე ფოტო და ვიდეომასალით. ყველამ იცოდა, რომ გიორგი ასრულებდა პროფესიულ ვალდებულებას და გიორგი იყო ჟურნალისტი და გარდა ამისა, უშუალოდ მისი დაკავება უკავშირდება მის პროფესიულ მოვალეობას, რადგან ის აშუქებდა იმ უკანონო მოქმედებებს, რომელსაც სჩადიოდნენ პოლიციელები.
თავად დაკავების შინაარსზე რასაც ყვება, არის ის, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში უკან შეკრული ხელებით იყო ბორკილებით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას არც ხელები გაუხსნეს და არც ადვოკატთან დაარეკინეს. ის ე.წ. შუშებიან შენობაში კახეთის გზატკეცილზე იყო რამდენიმე საათის განმავლობაში.
არ აქვს რაიმე ძალადობის კვალი, თუმცა რასაც ამბობს, ის არის, რომ იზოლატორში შესახლების დროს მის მიმართ განხორციელდა არაადამიანური პირობებით შემოწმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გააშიშვლეს სრულად, აკეთებინეს ე.წ. ბუქნები შემოწმების მიზნით, რომელიც არის აკრძალული და ეს აკრძალვა პირდაპირ წერია კანონში, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
შსს ჟურნალისტს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.




