ტელევიზორი, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე წვდომა, გამართული სამედიცინო სერვისი – ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც “ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის” დასკვნაში წერია. დოკუმენტი კომიტეტმა დღეს გაასაჯაროვა. უწყების წარმომადგენლები “ვივამედს” გასული წლის მარტში სტუმრობდნენ. სარეკომენდაციო ბარათში დაწერეს, რომ სააკაშვილი, კლინიკაში მყოფ სხვა პატიმრებთან შედარებით, უპირატესობებით სარგებლობს. თუმცა ხარვეზად მიიჩნიეს ის, რომ მას მზის შუქზე გასეირნების უფლება არ ეძლევა და, ასევე ის, რომ თვითდაზიანების პრევენციისთვის მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო მონიტორინგი. კომიტეტმა გასცა რეკომენდაციებიც.
პატიმრების მიმართ, კანონით გათვალისწინებული, ყველა პირობის შექმნაზე საუბრობენ იუსტიციის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე კომიტეტის დასკვნას პოზიტიურს უწოდებს. ბექა ძამაშვილის თქმით, დოკუმენტი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მაღალ სტანდარტებს ადასტურებს.
წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას, დღეს, “ვივამედშიც” გამოეხმაურნენ. კლინიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი, უკვე თითქმის 2 წელია, იმყოფება, აცხადებენ, რომ დასკვნამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ არსებული ბრალდებები გააბათილა.
საპირისპიროდ წაიკითხეს დასკვნა “ნაციონალურ მოძრაობაში”. სააკაშვილის ადვოკატები და “ნაციონალური მოძრაობა”, პატიმრის მიმართ ისევ არაადამიანურ მოპყრობაზე აკეთებენ აქცენტს, რაზეც “წამების პრევენციის კომიტეტის” დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.
სააკაშვილის მდგომარეობას, დასკვნის მიხედვით, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში.
ექსპრეზიდენტის თანამოაზრეებს, დღეს, მმართველი გუნდიდან “ნაცმოძრაობის” დროს პატიმრების მიმართ მოპყრობა შეახსენეს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ “წამების პრევენციის კომიტეტმა” ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა. მათი თქმით, დადასტურდა ისიც, რომ ქვეყანაში პენიტენციური რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და სახელმწიფო ყველა პატიმარს ჰუმანურ პირობებს უქმნის.
“ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის” წარმომადგენლებმა, კლინიკა “ვივამედში”, პატიმრებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისთვისაც, შექმნილი პირობები შეისწავლეს და, 10 თვის შემდეგ, დასკვნა დღეს გამოაქვეყნეს.