თქვენ განათლებაზე საუბარი კი გინდოდათ, მაგრამ ფაქტია – აქ „იგლ ჰილსის“ რეკლამირებისთვის გამოგიშვეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომელსაც პარლამენტში ინტერპრეტაციის წესით უწევენ.
ამასთან, მან მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას, რომ რაც არ უნდა თითის ქნევით ესაუბროს მათ, კულტურას ვერ ასწავლიან, „მისი გუნდის ესთეტიკა და კულტურა მისთვის გაუგებარია“.
„პირველ რიგში, მინდა ჩემს კოლეგას გამოვეხმაურო, ბატონო ირაკლი [ირაკლი კირცხალია] თქვენ მე კულტურას ვერ მასწავლით, რაც არ უნდა თითის ქნევით გვესაუბროთ აქ. მე მესმის, რომ ჩემი და ჩემი გუნდის ესთეტიკა და კულტურა თქვენთვის გაუგებარია, თქვენ „ნაცებზე“ ხართ მიჩვეული და იშველიებთ ასევე „ნაცებს“ ამ დარბაზში საუბრისას. ჩვენ გასწავლით კულტურას და გასწავლით ღირსეულ ოპონირებას, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ამ დარბაზში მუშაობას.
[რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მოსმენას] თქვენ განათლებაზე საუბარი კი გინდოდათ, მაგრამ ფაქტია – აქ „იგლ ჰილსის“ რეკლამირებისთვის გამოგიშვეს პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი.
განათლების რეფორმის მიზნად დასახული გაქვთ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
თავი რომ დავანებოთ კითხვას, რა კორელაცია აღმოაჩინეთ უმაღლესი განათლების ხარისხს და საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონულ განშლას შორის… და დავუშვათ, წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი მიზან შედეგობრივი კავშირი მართლაც არსებობს: ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ ფიზიკის ფაკულტეტის თუ გადავიტანთ თბილისიდან ქუთაისში – სწავლების ხარისხი ავტომატურად 100 და 200 %-ით გაუმჯობესდება. ამ უცნაურ დაშვებაში არ გედავებით. მხოლოდ მაინტერესებს: ამ რეფორმით სტუდენტების კონკრეტულად როგორი განაწილების მიღება არის მიზანი: რეფორმის შედეგად როგორ უნდა გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა თბილისს და ბათუმს, თბილისს და ქუთაისს შორის? რომელ ქალაქს უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი სტუდენტი – რა გათვლა გაქვთ ამაზე და რა მიზანს უნდა მიაღწიოთ?“ – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა: „როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ“.




