ტარიელ ხარხელაური: ახალგაზრდა თაობას

ახალგაზრდა თაობას
გარდავიცვლები – ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო-
ოღონდაც ახლა გამათბეთ.
მერე სულ თქვენთვის ვენთები,
ცაც მხოლოდ თქვენთვის ამანთებს,
მომენატრებით ნისლივით
ჩამოვეღვრები ქარაფებს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო,
ოღონდაც ახლა გამათბეთ.
ქარი ჰქრის, თოვლი ჩამოაქვს,
მთებს თოვლი ჰფარავს სრულიად,
ჩემს წუხილს არც დასაწყისი
და აღარც დასასრული აქვს,
არაფრის ხილვა არ მინდა
თქვენი ხილვა კი მწყურია.
ხან დარდი შემომეხვევა,
სისხლს ამირევს და დამთრთვილავს,
წუხელაც ქარმა ამიკლო-
სად რანაირად მათრია,
ახლა ხატის წინ ვლოცულობ,
ღვთის სანთელივით ვანთივარ…
გარდავიცვლები – ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო,
ოღონდაც ახლა გამათბეთ.