ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი – 5, – ინფორმაციას BBC-ი ორი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შტორმი ღამით ვიეტნამს დაატყდა თავს, რის შედეგადაც ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები მნიშვნელოვნად დაზარალა.
ძლიერმა ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, შენობებს სახურავები გადახადა და ფანჯრები ჩაამსხვრია. ათასობით ადამიანმა თავი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებს შეაფარა. ზარალის აღმოსაფხვრელად ქვეყნის ხელისუფლებამ არმია ჩართო.
კვირის დასაწყისში იმავე შტორმმა ფილიპინების ზოგიერთი ნაწილი გაანადგურა. ამ დროისთვის დადასტურებულია 188 ადამიანის დაღუპვა, 135 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ფილიპინების მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან წყნარ ოკეანეში მოახლოებული კიდევ ერთი ტაიფუნისთვის ემზადება.
შტორმი ამ დროისთვის დასავლეთისკენ, კამბოჯისა და ლაოსისკენ მიემართება.




