საბრძოლო მოქმედებები განახლდა ტაილანდისა და კამბოჯის შეიარაღებულ ძალებს შორის. დაახლოებით ორი თვით ადრე მათ შეთანხმება გააფორმეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით.
დღეს, 8 დეკემბერს ტაილანდმა განაცხადა სადავო საზღვარზე კამბოჯის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ავიადარტყმების შესახებ. ტაილანდის თანახმად, ეს იყო პასუხი კამბოჯის ჯარების თავდასხმაზე, რომლის შედეგად დაიღუპა ტაილანდის არმიის ორი ჯარისკაცი და ოთხი დაიჭრა.
კამბოჯა თავდასხმას უარყოფს და ირწმუნება, რომ თავდასხმა ტაილანდელი სამხედროების მხრიდან იყო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია კონფლიქტია საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთის გამო. მორიგი ესკალაცია 2025 წლის ივლისში იყო, როცა რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
ტაილანდმა და კამბოჯამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლით მიაღწიეს. ტრამპი ამ ქვეყნების ლიდერებს დაემუქრა, რომ თუ საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტდნენ, მათთან აღარ გააგრძელებდა საბაჟო ტარიფებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, ტაილანდის და კამბოჯის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის თანდასწრებით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელსაც დონალდ ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმება უწოდა. დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდებაა „ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების შესახებ“.
ტრამპი ტაილანდი-კამბოჯის შეიარაღებულ კონფლიქტს ასახელებს ხოლმე ერთ-ერთ ომად, რომლის დასრულებაც შეძლო. კამბოჯამ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზეც კი წარადგინა.
ფორუმი




