სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო – საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ტექნიკური უნივერსიტეტიდან

განათლების მხარდაჭერისთვის საქართველოს ბანკმა გასულ წელს კიდევ ერთი მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოს ბანკთან უკვე 15 უნივერსიტეტი თანამშრომლობს, 140-მდე სტუდენტმა კი უკვე
მოიპოვა სტიპენდია. მომავალში ეს რიცხვები უფრო და უფრო გაიზრდება.
ლუკა წულაია ს ერთ-ერთი წარმატებული სტიპენდიატია. ლუკა ქალაქ დანაა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლობს. პარალელურად ფეხბურთს თამაშობს და წინ დიდი გეგმები აქვს. როგორც თავად ამბობს, გარკვეულწილად, სწორედ ფეხბურთის სიყვარულმა გადააწყვეტინა კომპიუტერული მეცნიერების სწავლა:
,,ამ მიმართულებით სწავლა გადამაწყვეტინა სპორტმა, რადგან საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ამ სფეროში დავრჩები. ჩემთვის რთულია ვიდგე სტადიონზე და ვერ ვთამაშობდე, ამიტომ ავირჩიე მომავლის პროფესია, რომელიც სულ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება. დაინტერესებული ვარ კიბერუსაფრთხოებით, რომელიც საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში ჯერ-ჯერობით არ ისწავლება. კომპიუტერული მეცნიერება კი დამეხმარება ის უნარ-ჩვევები და ცოდნა მივიღო, რომელიც შემდგომში კიბერუსაფრთხოების შესწავლაში დამეხმარება.“
როგორც ლუკა ამბობს, სრულიად შესაძლებელია თანაბრად წარმატებული იყო სპორტშიც, უნივერსიტეტშიც, თან სხვა ჰობისთვისა და მეგობრებისთვისაც დაგრჩეს დრო. მთავარი მონდომება და პრიორიტეტების სწორად გადანაწილებაა. ამას ლუკა თავად წარმატებით ახერხებს და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სხვადასხვა ხალხურ საკრავზეც უკრავს.
გამოცდები, რომლებზეც სახელმწიფო გრანტია დამოკიდებული, საკმაოდ სტრესულია, რაც ხშირად საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში გვიშლის ხელს. როგორც ლუკა ამბობს, მისი მაგალითი გვიჩვენებს, რომ გამოცდებით არაფერი სრულდება და წინ უამრავი წარმატებაა:
,,ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ შევძელი გრანტის მოპოვება, წინა წელს საგრანტო კონკურსშიც 0,2 ქულა დამაკლდა დაფინანსებამდე. მიუხედავად ამ მარცხისა, არ გავჩერდი და დღეს საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ვარ. გარდა მოტივაციისა და თავდაჯერებულობისა, ფინანსურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტიპენდია. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი განათლებაა და აღარ მიწევს სწავლის გადასახადზე ფიქრი“.
როგორც ლუკა ამბობს, კომპიუტერული მეცნიერების სწავლა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ამ მიმართულების სტუდენტებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ მსგავსი პროექტებით მხარდაჭერა და წახალისება:
„ჩემს სფეროში ხშირად გვჭირდება მოწყობილობის ან ტექნიკის განახლება, კონკურსებში მონაწილეობის მიღება, გარე წყაროებიდან სწავლა, რაც ხარჯებთან ასოცირდება. ვფიქრობ, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მსგავსი პროგრამები, სტუდენტებს კონკურენციას აჩვევს და აძლევს შესაძლებლობას, დაზოგილი დროისა და ფინანსების რესურსი საყვარელი საქმის უკეთ სწავლას მოახმარონ.“
ლუკა სხვა სტუდენტებს ურჩევს, ნუ შეეშინდებათ მარცხის და ნუ დაკარგავენ საკუთარი თავის რწმენას:
,,ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვივა, მთავარია, გვჯეროდეს საკუთარი თავის და ვცდილობდეთ. სჯობს, სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე საერთოდ არ სცადო.“
თუ ლუკას მსგავსად შენც არ გეშინია გამოწვევების და გინდა გახდე საქართველოს ბანკის შემდეგი სტიპენდიატი, პარტნიორი უნივერსიტეტების სიასა და სტიპენდიის შესახებ დეტალებს ამ ბმულზე ნახავ სტიპენდია (bankofgeorgia.ge).

ასევე დაგაინტერესებთ