“სხვანაირი მარკეტინგული კომუნიკაციაა წასაყვანი” – დომინანტი აზიელი ტურისტია

“ჩვენი ბაზრები ძირითადად არის ევროპა, ამერიკა, წელს გვყავდა სტუმრები ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდანაც, რაც ნამდვილად ძალიან გასახარია“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგის „კვირა“ პრესკლუბში, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, წელს ქვეყანაში აზიელი ტურისტების სიმრავლეა, უმეტესად, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
კვიჭიძის განმარტებით, ზოგადად, მათთვის გასტრონომია ნაკლებად საინტერესოა, უფრო თავის კერძებს არიან მიჩვეულები, მაგრამ აქაც შეგვიძლია, ვიმუშაოთ.
კვიჭიძის თქმით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა, მეტად ეფექტიანი სამუშაო სტრატეგიია საჭირო, რათა ეს ქვეყანამ კიდევ უფრო კარგად გამოიყენოს.
„ამ სეზონზე ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც კარგი წელი იყო. სხვადასხვა რეგიონთან მაქვს კომუნიკაცია. გასტრონომიულად არის ადგილები, სადაც ძალიან კარგი სეზონი იყო. ასევე არის ადგილები, მაგალითად, სამეგრელოში მქონდა კომუნიკაცია, სადაც მითხრეს, რომ ბევრი ხალხის მიუხედავად, შემოსავლების მხრივ წინა წელი უკეთესი იყო, მაგრამ ახლა სექტემბერში ძალიან კარგი დატვირთვაა.
აზიელი ტურისტები მრავლად გვყავს – ინდოეთიდან და ჩინეთიდან ბევრნი არიან. ზოგადად, მათთვის გასტრონომია ნაკლებად საინტერესოა, უფრო თავის კერძებს არიან მიჩვეულები, მაგრამ აქაც შეგვიძლია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ნიშა ვიპოვოთ და უკეთესად ვიცოდეთ, თუ რა შევთავაზოთ მათ.
სხვანაირი მარკეტინგული კომუნიკაციაა წასაყვანი და ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ისინიც მოვიზიდოთ. მით უმეტეს, რომ ყველა კარგად ვხედავთ, რამდენად ბევრი იყვნენ და როცა ასეთი მასშტაბია, მეტი და უფრო ეფექტიანი სტრატეგიაა საჭირო“, – აღნიშნა კვიჭიძემ.