„სწორედ ეს ქალი იყო იმის მიზეზი, რომ გვარამია „ნაცებთან“ არ წავიდა და ასევე განაწყენებულ მელიასთან ერთად პარტია შექმნა“
ანი დვალიშვილი, „ალია“, 22 აპრილი
„ალიას“ მკითხველს ემახსოვრება, სოფო ჯაფარიძე ახლად გამოჩენილი იყო პოლიტიკურ სარბიელზე, როცა დავწერეთ, სიის პირველი ნომერი ნაციონალებს სწორედ ის ეყოლებათ თქო, რაც სააკაშვილმა უკვე დაადასტურა. სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნიკა გვარამიამ ნაციონალებთან გაერთიანებას ცალკე პარტიის გაკეთება ამჯობინა, ანუ გვარამიას პირველნომრობა სურდა, მაგრამ როცა გასაგებად უთხრეს, რომ პირველი ჯაფარიძე იქნებოდა, მან კიდევ ერთ განაწყენებულთან, ნიკა მელიასთან ერთად, „ახალი“ შექმნა და მისი არხის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგების მიხედით, მომავალ პარლამენტში მესამე ადგილზეა. თუ გახსოვთ, სააკაშვილმა ამ კვლევას სისულელე უწოდა და გვარამიას არჩევანიც დაუწუნა, პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ რამ გაგაყვანინაო, მაგრამ ვინ, ვინ და, გვარამიამ ყველაზე უკეთ იცის, „ოცნების“ მეორე ადგილზე გადაწევა, ამ გადმოსახედიდანაც კი, უდიდესი შეცდომა იქნებოდა და არავინ დაიჯერებდა. ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილების „სუნი“ სააკაშვილმაც იკრა და ამიტომაც არის, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას რომ ცდილობს. ის კარგად ხვდება, რომ გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, უკრაინის ამბებში ჩარევა უკვე გაუჭირდება, იქ მისი ადგილი აღარ არის.
გაგიკვირდებათ და, მიმდინარე პროცესებიდან სერიოზული სარგებელი მიიღო მმართველი გუნდის დეპუტატების საკმაოდ დიდმა ნაწილმა. მათ საკუთარი ხმები გუნდშივე გადასარევად გაყიდეს და თუ ნაწილმა მყარი გარანტია მიიღო იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე გამსვლელ სიაში იქნება, ნაწილს ის დააჯერეს, რომ პარლამენტში თუ არა, კარგ თანამდებობაზე (მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი) აუცილებლად დაინიშნებიან.
ყველაზე საინტერესო იცით რა არის, რაც პრაქტიკულად ყველას გამორჩა? ეს კანონი სამივე მოსმენით რომ მიიღონ, მოქმედებას მხოლოდ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს, ანუ კანონი ორგანიზაციებს დეკლარაციის შევსებას სწორედ მომავალი წლიდან ავალდებულებს და მას ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ოქტომბრის არჩევნებზე. მაშინ, რატომ აიტკივა ხელისუფლებამ თავი ახლა…
„ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს და უკვე შემდგომ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სწორედ ამ კანონით გათვალისწინებული დეკლარაციების ფრიალით მოემზადება. იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნებამ“ თითქოს დამაჯერებლად მოიგო, რეალურად, ის გამარჯვება სრულ კრახად შეფასდა და გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ნაციონალმა მერმა გაიმარჯვა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციონერია. ამიტომ, ეს კანონი არის გარანტი მომავალი გამარჯვებისთვის და „ოცნება“ მუდმივად გამოიყენებს დონორთა სახელებს ამომრჩეველთა გადასაბირებლად“, – გვეუბნება მმართველი გუნდის წარმომადგენელი.
ბევრი იმასაც ამბობს და სრულიად ლოგიკურად, რომ ამ კანონით, მმართველ გუნდს, „საგადასახადო კოდექსში“ იმ ცვლილების გადაფარვა სურს, რომელიც რეალურად საფრთხეა. საქმე ეხება ოფშორული ზონებიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვას და ყოველგვარი (მათ შორის მოგების) გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ. ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამით საქართველო მარტივად გახდება შავი ფულის გათეტრების ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ნაკლებად საუბრობენ, რადგან.. ჯერ „რუსული კანონია“ საჭიდაო. ისე, ოპოზიციამ „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე წუწუნი კი დაიწყო, მაგრამ ძალიან რთული იქნება, ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას, „რუსული კანონის“ პარალელურად, აუხსნა ის, თუ რას ნიშნავს ოფშორიდან გადმორიცხული ფული და მასზე გადასახადების გაუქმება. ამიტომ, ამ ცვლილებას „ოცნება“ დედის რძესავით შეირგებს.
თუ იცით, რა ციფრია 300 000? რა და, მმართველმა გუნდმა უკვე დაავალა აქტივს, რომ გაკეთდეს იმ ადამიანების სიები, რომლებიც საჭირო დროს დედაქალაქში აქციაზე ჩასვლას მოახერხებენ. თუ „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება, პარალელურ აქციას დააანონსებს და ყველას დაანახებს, რომ საპროტესტო მიტინგზე გამოსულ ადამიანებზე ბევრად მეტი მომხრე ჰყავს, ხოლო თუ ახლა არ დასჭირდება, წინასაარჩევნოდ, ძალის დემონსტრირება აუცილებლად მოხდება. ანუ, თითო მუნიციპალიტეტიდან, საშუალოდ 4 ათასი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს (მცირე მუნიციპალიტეტებს ამდენს არ ავალებენ და დიდი ქალაქების თუ რაიონების ხარჯზე გაჰყავთ.