“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება

მოვითხოვ, ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, მერე დამაკავეთ – არცერთი თანხა არ გაგვიფლანგავს, არცერთი თეთრი არ მიგვითვისებია, – ასე მიმართა მოსამართლეს “სფერო ჰოლდინგის” დირექტორმა გივი წულეისკირმა, რომელიც მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული.
გივი წულეისკირმა მოსამართლე დავით კურტანიძეს მიმართა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ გამოეყენებინა, ხოლო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობებში “ერთ დღეში მოხდება დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურება”.
“რაც შეეხება უშუალოდ “სფერო ჰოლდინგს” და “სფერო ინვესტს”, როგორც გივი წულეისკირმა აღნიშნა, “სფერო ჰოლდინგს” “სფერო ინვესტთან” არანაირი კავშირი არ აქვს, რადგანაც მათი გზები 2021 წელს გაიყო, ამის შემდგომ კი, “სფერო ინვესტის” დირექტორი გახდა გიორგი მურუსიძე, რომელთანაც მხოლოდ პარტნიორობა აკავშირებს.
“მე ვარ “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი. “სფერო ჰოლდინგი” და “სფერო ინვესტი” სხვადასხვა რამეა. “სფერო ჰოლიდინგი” არის შპს, ხოლო “სფერო ინვესტი” სააქციო საზოგადოება. “სფერო ინვესტის” სააქციო საზოგადოების გადაკეთების შემდეგ მისი დირექტორი გახდა გიგა მურუსიძე და ამის შემდეგ “სფერო ინვესტთან” შეხება არ მქონია, უბრალოდ ვიყავით პარტნიორები. [დაზარალებულთა] ქირის ფულს იხდიდა “სფერო ინვესტი”. ჯამში 570 ადამიანს აქვს თანხა შემოტანილი “სფერო ინვესტში”. შემოტანილი თანხა შეადგენს 27 მილიონ ლარს. ამ თანხით კომპანიამ შექმნა 67 მილიონი ლარი.
ეს 67 მილიონი ლარი მიმართული იყო მშენებლობაში. კორპუსები აშენებული გვაქვს გრიგოლეთსა და გონიოში. საკუთარ ანგარიშზე არაფერი გამაჩნია, მხოლოდ “სფერო ინვესტის” უძრავი ქონებით ვსარგებლობდით მეც და გიორგი მურუსიძეც.
რაც შეეხება გაქცევას, მე დაკითხულიც არ ვარ. მესმის, რომ ეს ხალხი გაბრაზებულია მაგრამ არცერთ მათგანს არც ვიცნობ. ეს ადამიანები თანხას აინვესტირებდნენ “სფერო ინვესტში”. 5- კაციანი ჯგუფი აზარალებს 500-ზე მეტ ადამიანს. მე არაერთხელ შევთავაზე შეხვედრა და ოფისში რამდენჯერაც შეხვედრის მცდელობა იყო, მათ ფიზიკურად იძალადეს ჩემ ორ თანამშრომელზე.
67 მილიონი ლარის ღირსებულების თანხა შექმნა “სფერო ინვესტმა” ამ ადამიანების შემოტანილი თანხით. აქედან უმეტესობის ქირის ფული კომპანიამ გადაიხადა და მშვიდად ცხოვრობენ სახლში. სხვების ვერ გადაიხადა იმიტომ, რომ ბანკმა გაგვიუქმა ანგარიში. აქედან დაიწყო ყველაფერი. მე დაწყებული მქონდა პრობლემების მოგვარება. რამდენჯერმე მქონდა გამოძიებასთან მცდელობა დამკითხეთ-მეთქი. დამაკავეს მაშინ, როცა კანცელარიაში ამ საკითხზე შესახვედრად მივდიოდი ბიზნესომბუდსმენთან.
მივმართე ეროვნულ ბანკს, სახალხო დამცველს, რომ პრობლემა რაც ბაკებმა შეგვიქმნა და ანგარიში გაგვიუქმა, ამის მოგვარებაში დაგვხმარებოდა. პრობლემის მოგვარების ხუთი გზა დავიწყე. შეხვედრას ვაპირებდი პრემიერ-მინისტრთან. ეჭვი მაქვს ხუთი ადამიანი მიზანმიმართულად შლის ამ პროცესს და არ მოგვარდეს ეს პროცესი, რეალურად კი ჩვენი ბიზნესი იშლება.
მოვითხოვ, ახალ წლამდე მომეცით ვადა ამ პრობლემების მოგვარება მოვახერხო. თუ ვერ მოვახერხებ, მერე დამაკავეთ.
მაქვს კლაუსტროფობია, მაქვს დისკომფორტი და უცხოეთშიც ვერ ვმოძრაობ. გიორგი მურუსიძე მიმალვაში არ არის. იტალიაში ოფისი გვაქვს, იქ იმყოფება, რაღაც მიწა გვაქვს გასაყიდი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის სამინისტრო, კონკურენციის სააგენტო გველოდებიან პრობლემის მოსაგვარებლად. დაწყებული მაქვს მოლაპარაკება და უძრავი ქონების რეალიზებით, დარწმუნებული ვარ, პრობლემა მოგვარდება. არცერთი თანხა არ გაგვიფლანგავს, არცერთი თეთრი არ მიგვითვისებია. მინდა მომეცეს საშუალება რომ ხვალიდანვე დავაკმაყოფილო ეს ხალხი. დაკავებით ასე არ გამოვა, ერთადერთი პირი ვარ მე, ვისაც მაქვს მოლაპარაკებები. ჩვენი დაკავებით ვერცერთი ადამიანი ვერ დაკმაყოფილდება და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება”, – განაცხადა გივი წულეისკირმა.
შეგახსენებთ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.