BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთს სუს-ში დაუდასტურეს.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
პირველ დეკემბერს, BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებიდან მალევე, ქიმიური იარაღის გამოყენება უშუალოდ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარყო და მედიას ცრუ ბრალდებების გამო ჩივილით დაემუქრა. მოგვიანებით, ამავე დღეს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ექსმინისტრი ადასტურებს, რომ ნივთიერება, რომლის შესახებაც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, ანუ კამიტი (camite), ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და მას 2012 წლამდე იყენებდა.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური „იმედის“ თანახმად.
თუმცა გომელაურის განცხადება მეორე დღეს უარყო მოქმედმა შს მინისტრმა, გელა გელაძემ. გელაძე ირწმუნება, რომ ეს ნივთიერება შსს-ს არასდროს უყიდია.
ამასთან, სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სუს-მა BBC სამართლებრივადაც გამოაცხადა „უცხოეთის ორგანიზაციად“, ხოლო მის მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტი – „მტრულ საქმიანობად“.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაც, რაც პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასაც ეხება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს პროკურატურა ერთი წელია იკვლევს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული, რომელმაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უფლებამოსილებას გადაამეტა. პარალელურად სპეცრაზმის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) ჩათვლით, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს.




