სუს-მა კორუფციის 4 საქმეზე პასუხისგებაში მისცა 11 ადამიანი

4 კორუფციული საქმე, 4 დაკავებული და 11 პასუხისგებაში მიცემული – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ ორი საავტომობილო გზა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, რომელთა რეაბილიტაცია-მშენებლობაზეც ჯამში ორ მილიონზე მეტი დაიხარჯა, გამოსაყენებლად უვარგისია.
ამას გარდა, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ემზარ გაგნიძის თქმით, 560 ლარის ქრთამად აღების ბრალდებით, კასპში ერთი საჯარო მოხელე დააკავეს, კიდევ ერთ საქმეზე კი გამოძიება ყალბი დოლარების დამზადების მუხლით დაიწყო.
საქმე #1
სუსის გამოძიებით, კომპანია „ქროსფოინთის“ მიერ რეაბილიტირებული მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15,26-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
ამ კომპანიამ ჩაიბარა პროექტი, თუმცა სუსის მტკიცებით, „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2 089 154 ლარს“.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო იძულებული გახდა ახალი ტენდერი გამოეცხადებინა და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა კონტრაქტი.
„პასუხისგებაში მიეცა შპს „ქროსფოინთის“ სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებას არაფერი უთქვამს იმ სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობებზე, რომელთაც, წესით, გზის რეაბილიტაციის პროცესი უნდა გაეკონტროლებინათ, დარღვევების შემთხვევაში კი რეაგირება მოეხდინათ.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობაში დახმარების მუხლებით დაიწყო.
საქმე #2
სუსის ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, ექსპლუატაციისთვის უვარგისია კიდევ ერთი საავტომობილი გზა, რომელიც სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ახუთში კომპანია „ნიუ პასაჟიმ“ დააგო.
„გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, – განაცხადა სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა ემზარ გაგნიძემ.
დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე #3
კასპში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიების ცნობით, სააგენტოს თანამშრომელმა დაკავებულისგან 560 ლარის ქრთამი აიღო. ამ ფულის სანაცვლოდ სუსის ცნობით, „დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქმე #4
სუსის ცნობით, მოქალაქემ 7 000 ყალბი დოლარი დაამზადა და გაასაღა, სანაცვლოდ კი მოქალაქისგან მოითხოვა 2 450 დოლარი.
გამოძიება ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაიწყო.
„ხსენებული 7000 დოლარი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს და, შესაბამისად, არის ყალბი“, – აცხადებენ სუსში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ექსპლუატაციისთვის უვარგისი გზის ფოტოები და ფარული ჩანაწერი, რაც სავარაუდოდ, ყალბი დოლარების დამზადების საქმეზე მტკიცებულება იქნება.
კორუფციული ბრალდებებით, მილიონობით ლარის მითვისებისა თუ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლებით ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ გუნდის ლიდერები და წლების განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი პირები დააკავეს. ამ სიაში არიან სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მათთან დაახლოებული საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი . მათი საქმეები სასამართლოში განიხილება.
www.radiotavisupleba.ge