სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 4 ადამიანი დააკავა, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
· პირველი საქმე
დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა შპს „ქროსფოინთის“ სახელით სამუშაოების ფაქტობრივი შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.
გამოძიების თანახმად, რომ ბრალდებულები მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15,26 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების პროცესში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 2 089 154 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
ექსპერტიზის დასკვნით, „ქროსფოინთის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია. შესაბამისად, დამკვეთი იძულებული იყო გამოეცხადებინა ახალი ტენდერი და სხვა სუბიექტთან გაეფორმებინა ხელშეკრულება გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
· მეორე საქმე
კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც, სუს-ის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
· მესამე საქმე
ყალბი ვალუტის დამზადების, შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში დაკავებულია ერთი ადამიანი. სუს-ის ცნობით, მან, ჯამში, 7000 ყალბი აშშ დოლარი გაასაღა, სანაცვლოდ კი მოქალაქეს 2 450 აშშ დოლარი გამოართვა.
„საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხსენებული 7000 აშშ დოლარი არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს და, შესაბამისად, არის ყალბი“, — აცხადებს სუსი.
გამოძიება სსს კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
· მეოთხე საქმე
სუს-ის განცხადებით, სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, დაკავებულია შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი, ასევე, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია შპს „თი აი ჯი ეი აუდიტესკორტის“ ორი თანამშრომელი.
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოების განხორციელებისას, შპს „ნიუ პასაჟის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 254 990 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ხოლო საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, — განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ვინც კი განიზრახავს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები პირადი კორუფციული გეგმებით დააზიანოს — ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნებაც და საშუალებაც, რომ ბოლომდე ჩავყვეთ ყველა კორუფციულ გარიგებას და ყველაფერი გავაკეთოთ მისი მაქსიმალური პრევენციისთვის. შესაბამისად, გამოიტანონ სათანადო დასკვნები როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.




