სუს-ი – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია გაწევრიანებული – ის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კუთხით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.
კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია.
„პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას დაკავებაზე – ივანიშვილის რეჟიმი არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს – იმ ლიდერების იზოლაციას ცდილობს, ვინც შეიძლება ის ხალხთან ერთად გადატეხოს