სუს-ის მიერ დაკავებული, საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლის, გიორგი კვახაძის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ბრალდებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულ გიორგი კვახაძის ადვოკატი თამაზ კვახაძე სასამართლოს დაკავებულის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვს.
როგორც ადვოკატი განმარტავდა, დაკავებული ყველა პირი „პატიოსანი, კეთილსინდისიერი, მშრომელი ხალხია“.
„ბატონო მოსამართლე, „როგორც ქუხს, ისე არ წვიმს”. ჩვენ წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩემი გარდაცვლილი ძმის შვილია”,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ბრალის ფორმულირება არასწორია. მისივე განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა დასკვნა, რის საფუძველზეც ტენდერის ფინანსური მხარის კორექტირება მოხდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ტექნიკური ზედამხედველი იყო, ის შესრულებულ სამუშაოების ხარისხს ამოწმებდა. ორი ღამეა არ მიძინია, საქმის მასალებში ვეძებდი, ბრალდების მხარეს ჩემს არგუმენტებზე რა ექნებოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე… ეს ადამიანები მოჭრილ ხელფასს იღებდნენ, მანქანა ტყიბულიდან მოვიდა თუ საიდან, ამის შემოწმება არც ევალებოდათ და არც პასუხი უნდა მოვთხოვოთ”,- განაცხადა კვახაძემ.
დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ბრალდება გუშინ წარუდგინეს.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.