სუს: აქციები უცხოეთიდან ფინანსდება, მიზნად ძალადობრივი სცენარის განვითარებას ისახავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები უცხოეთიდან ფინანსდება და მათი მთავარი მიზანი “დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა”.
უწყება ასევე ირწმუნება, რომ ამ “დანაშაულებრივი ქმედებების” მონაწილეები ში, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედროებიც არიან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თბილისში ჩამოვლენ და “აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაში.
უწყება ირწმუნება, რომ ორგანიზატორების მიზანი პროტესტის “მაიდანიზაციას”, ამის მისაღწევად კი, სუს-ის თქმით, პოლიტიკოსები და “რადიკალი ორგანიზატორები” თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას გეგმავენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციის ორგანიზატორებისთვის “სასურველია აქციებს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვეს”, რაც, როგორც სუს აცხადებს, საპროტესტო მუხტსა და რადიკალიზმს გაზრდის.
სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.