სუსი: ურანის გასაღების ფაქტზე ორი ადამიანია დაკავებული

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოავლინეს “ტრანსნაციონალური დანაშაული” და “ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება” აღკვეთეს. სუსში დღეს, 17 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ “რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს”.

“დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუსახლებია აღმოჩენილი ნივთიერების მოცულობა.
არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი 16 ივლისის საღამოს დააკავეს, მათ ბრალი უკვე წარედგინათ. სასამართლო, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ჩატარდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
სუსის თანახმად, “ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის”.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს არ არის საქართველოში ურანის აღმოჩენის საქმეზე დაკავების პირველი შემთხვევა.
2023 წელს ურანის 2 მილიონ დოლარად გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
2019 წელს “ბირთვული მასალის უკანონოდ გასაღების ფაქტზე ქობულეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები გოჩა გ. და რომან ქ.” სუსი მაშინ გამოძიების საფუძველზე ამბობდა, რომ ისინი 2 800 000 დოლარად აპირებდნენ ბირთვული მასალის, “ურანის”, გასხვისებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა