სულხან მეტრეველი: ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ფარასთან. მისი მიზანი მხოლოდ ორი რამ არის: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მოკვლა და თავისუფალი მედიის აბსოლუტური განადგურება

“გრძელი გამომივიდა, ბევრი არ წაიკითხავთ. ხუთმაც თუ წაიკითხეთ, კარგია. ჩემი მიზანი მიღწეულია.
უნდა გითხრათ, რას ვაკეთებ მთელი დღეა. სხვანაირად არ იქნება. გათენდა და დავიწყე საქართველოს კონსტიტუციის კითხვა. მე ამ კონსტიტუციის ტექსტი, 1995 წლის ვერსია, თითქმის ზეპირად ვიცოდი. მერე ყოველმა ახალმა ხელისუფლებამ ისე იძალადა ამ ჩვენს სადამფუძნებლო აქტზე, რომ ცვლილებების კითხვას თავი დავანებე. ვიცოდი, ძალიან მეწყინებოდა, რასაც შიგნით ვნახავდი. თუმცა დღევანდელმა საქართველოს ვითარებამ სხვა გზა არ დამიტოვა და წავიკითხე თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ.
ამის წაკითხვის შემდეგ დავდივარ შინ აქეთ-იქით და ხან ვის წავეჩხუბები, ხან ვის. ჩვენს კატასაც კი გავუბედე რაღაცები. ბოლოს აღშფოთდა ხალხი, და რა გინდაო? დავფიქრდი და ესენი რა შუაში იყვნენ. მე ამ ჩვენი გაუბედურებული კონსტიტუციის ამბავი მაწუხებდა და სხვებზე ვიყრიდი ჯავრს.
მერე რა ხდება? როგორც იქნა, ვიშოვე ამ აგენტების კანონის საბოლოო ვერსია და ახლა ამას ჩავუჯექი. ვკითხულობ და რას ვკითხულობ. ვფიქრობ, ზოგი ჭირი მარგებელია. რა კარგია, რომ თმები არა მაქვს, თორემ აი, ხომ სულ ყალყზე მექნებოდა დამდგარი. ჩავათავე ესა და აღარ მინდა ხალხს ველაპარაკო. მაგათ რა დააშავეს?
ვზივარ და ვფიქრობ: ნუთუ ამერიკის ამ გამორჩეულ დემოკრატიას მართლა აქვს რაიმე მსგავსი და ამის მაგვარი. ეგ როგორ შეიძლება? აბა, მე რა ვიცი. სად მე, სად ფარა. რა უნდა ვქნა?
ავიღე და ჩავუჯექი ახლა ამ ფარას კანონს. ეს კანონი 1938 წელს არის დაწერილი და გასართობი საკითხავია. ტექსტი არის შექსპირისეულთან უფრო ახლო, ვიდრე დღევანდელი. მაგრამ შექსპირი ვის ახსოვს! ჩავიარე ამ კანონის ორი სექცია და თმები ისევ ყალყზე მექნებოდა, რომ მქონდეს. ეგრეა, ჰგავს ამ ჩვენს უბედურ ქართულსა. რა უნდა ვქნა? გადამეწურა ყველანაირი იმედი. დავკარგე ყველანაირი არგუმენტი.
მივადექი ამ ფარას კანონის მესამე სექციას. ამ სექციას ასე ჰქვია: „გამონაკლისები“. გლეხურ ენაზე რომ ვაქვათ, ვის არ ეხება ეს კანონი, იმაზეა. ვკითხულობ. კარგა გრძელია. დავთვალე და აღმოჩნდა, რომ პრინციპში ეს კანონი არავის ეხება. ყველაზე მეტად კი:
არ ეხება ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი პოლიტიკურ საქმიანობაში.
არ ეხება რელიგიურ, სპორტულ, კულტურულ, მეცნიერულ, სასწავლო და კიდევ რა გინდა რა საქმიანობას თუ გინდა სადამ ჰუსეინი აფინანსებდეს ( ეგ რაღას დააფინანსებს, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ).
არ ეხება იმ ქვეყნების ორგანიზაციებს, რაც გინდა ორგანიზაცია იყოს, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირედ თვლის.
გამოდის, თუ გინდა, რო აი ძალიან მოხვდე ამ ამერიკულ სიაში, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ დაბრუნდე უკან 1938 წელს, დააარსო ფირმა სახელად „დიდება სტალინს“, მიიღო დაფინანსება პირდაპირ იმდროინდელი პოლიტბიუროდან და წესდებაში ჩაწერო, რომ ფირმის მთავარი მიზანი ამერიკის პრეზიდენტის მოსყიდვაა. და ეგრე როგორ იზამ? აინშტაინი ისე მოკვდა, დროში მოგზაურობის პრაქტიკულ ამბებში ვერ გაგვარკვია. დავრჩით ასე, ფარაში დაურეგისტრირებლად.
მაინც მეცნიერი კაცი ვარ. არ მასვენებს გამჩენი. შემდეგ წავედი და ვნახე, რომ ამ ჩვენს ამერიკაში 2 მილიონი მარტო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ახლა ეს ფარას რეესტრი ვნახე. შიგნით არის სულ 507 აქტიური ორგანიზაცია დარეგისტრირებული. ჩამოვუარე ამ ორგანიზაციებს. იქნებ, ვინ არიან? ჰოდა, აი, ეგენი არიან თანამედროვე პოლიტბიურობეთან პირდაპირ კავშირში. რომლებიო იტყვით? ყველამ კარგად ვიცით, რომლებიც. ეგენი ძირითადად პეკინსა და მოსკოვში და ეგეთ მორდორულ ადგილებში სხედან.
ახლა ეს ჩვენი კანონი რას შვრება, და რა უბედურებები ხდება:
პირდაპირ ამბობს, რომ აინტერესებს ორი რამ: არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია (ფარაში ასეთი რამ არ არის).
უცხოეთში მყოფ ქართველების დისკრინიმაციაზე მიდის. მაგალითად, მე თუ საქართველოს მხარდამჭერი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე გერმანიაში, ვითვლები აგენტად. ანუ ჩემმა შვილმა რომ რამე ქველმოქმედება დაიწყოს აქედან, უცხოეთის გავლენა გამოვა (ფარაში ხარ?).
არ აინტერესებს, რას აკეთებ ამ ორგანიზაციით. შემოაქვს 20% ბარიერი და მაგას თუ მიწვდი, გინდა ხულოში სკოლა ააშენე, გინდა დაიბრუნე მშვიდობიანად ხვალვე, მაინც უცხოეთის გავლენაში ხარ.
სულ ფეხებზე ჰკიდია, რომ ამ სიაში მოხვედრილი ორგანიზაციების უმეტესობა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან იქნება დაფინანსებული (აბა, აფხაზეთის ბიუჯეტს ვერ გაწვდა, ჩვენ რას მოგვცემს?).
და ყველაზე საოცრება ეს ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, ახლა იწყება:
ამ ჩვენი კანონით იქმნება რაღაც კონსტიტუციის მიღმა აპარატი იუსტიციის სამინისტროში, რომელიც კანონის აღსრულებას ითვისებს (ამერიკაში ფარას აღსრულება გენერალური პროკურორის საქმეა, ლოგიკურად). ამას შეუძლია, რომ რაც გინდა და როგორც გინდა აკეთოს, რა საბუთიც უნდა მოითხოვოს და რა ჯარიმაც უნდა დაწეროს. პატრონი და გამკითხველი არა ჰყავს. და თან განა მარტო ამ აგენტებში ჩავარდნილ ხალხს ეხება ეს ამბავი? ნურას უკაცრავად, ვისთანაც გინდა მივა და ეტყვის, აგენტი მგონიხარ და აბა მაჩვენე დოკუმენტებიო. არ აჩვენებ და ვინმე შეაჩერებს? სასამართლოში ვიჩივლებო იტყვით. იჩივლე თორემ რა. ჩივილი ამ ვიღაცების გადაწყვეტილებებს არ აფერხებს. და ჩვენი სასამართლოს იმედად მყოფელებს, სადამ ჰუსეინის დაბრუნებამდე არაფერი გეტკინოთ.
რაზე ვამბობ? ცალსახაა: ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ფარასთან. მისი მიზანი მხოლოდ ორი რამ არის: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მოკვლა და თავისუფალი მედიის აბსოლუტური განადგურება. ამ ორის მიღწევით კი დიქტატურის დამყარება.
ილიასი არ იყოს, რამდენი თქვენ ამ კანონით კარგის გაკეთება და ამერიკული მოდელს შემოღება გინდათ, იმდენ ასკეცად დაგბრუნებოდეთ ეგ ამბავი უკან.
და ბოლოს:
“რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა – ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს”
მაინც რომ არ გვეშვებიან? შაბათიც ეგეთი უნდა, მე რომ მქონდა!” – წერს წოციალურ ქსელში ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორი, ამავე უნივერსიტეტის მკვლევარი და დოცენტი, მეტ კაპიტალის (ფირმა ლონდონსა და ციურიხში) აღმასრულებელი დირექტორი სულხან მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ