[სუბსიდირებული კონცერტები] ბიუჯეტის ფულის ყრაა – Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელი

მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელ ვახო ბაბუნაშვილის აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებული კონცერტების გამართვა გადასახადების გადამხდელების ფულის ყრაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პროექტ CHECK IN GEORGIA-ს “მემკვიდრე” Starring Georgia-ს შეფასებისას განაცხადა, რომელიც 2023 წელს დაიწყო.
პროექტი სუბსიდირებული კონცერტების გამართვას გულისხმობს და 2023-2024 წლების ბიუჯეტად 70 მლნ ლარი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, წელს, 23 ივლისს, Black Sea Arena-ზე ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება.
„Tbilisi Open Air-ის გუნდს ან სხვა ჯგუფი ვერ შეძლებდა ჯასტინ ტიმბერლეიკის ჩამოყვანას“? – ვკითხეთ ვახო ბაბუნაშვილს, რაზედაც მან განაცხადა, რომ მთავრობა სუბსიდირებული კონცერტებით ბაზარსაც აფუჭებს.
„სახელმწიფო არათუ კონკურენტი გამოდის კერძო სექტორისთვის, არამედ სისტემის დამანგრეველია… კონკურენტია ის, ვისაც შენზე ოდნავ მეტი ფული აქვს, ხოლო სახელმწიფოს და კერძო კომპანიების ბიუჯეტებს შორის მასშტაბური განსხვავებაა.
უცხოელი ვარსკვლავის საქართველოში ჩამოყვანა არის ჩვეულებრივი ბიზნესი ჩვენი ინდუსტრიისთვის, ხომ?! – მიდიხარ არტისტთან და აწარმოებ მოლაპარაკებებს; ბუნებრივია, ევაჭრები… მეორე მხრივ, მოდის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს გარანტირებული ბიუჯეტის ფული და მას არ აინტერესებს ხარჯების ამოღება. მთავარი მიზანია, კონცერტი ჩაატარონ და თქვან – „ნახეთ, რა კარგები ვართ, ახალგაზრდებო; ნახეთ, ვინ ჩამოგიყვანეთ“… ეს არის აბსურდი, ფულის ყრა და ვიღაცების ბიზნესამბიციების დაკმაყოფილება…. ბაზარს აფუჭებენ, რადგან როცა კერძო სექტორი არტისტის მენეჯერს ევაჭრება, ამ დროს ვიღაც სახელმწიფო კომპანიიდან სამმაგს სთავაზობს“, – ამბობს ვახო ბაბუნაშვილი.
Tbilisi Open Air-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ბიზნესი ფულს არ უნდა ითხოვდეს მთავრობისგან, მაგრამ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფესტივალების ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა – მეტი ტურისტის მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ბიზნესის თავისუფლება.
„დარწმუნებული ვარ, თავისუფალ გარემოში ბიზნესს დავარწმუნებთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა მათთვის საინტერესოა“, – აღნიშნა მუსიკოსმა.