სუბსიდირება არა ყურძენში, არამედ საექსპორტო ბაზრებზე უნდა იყოს მიმართული – გია პირადაშვილი

ღვინის კომპანიების „ჯანიანის“ და „ვინივერიას“ თანადამფუძნებელი გია პირადაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ფინანსური მხარდაჭერა – სუბსიდირება არა ყურძენში, არამედ უფრო მეტად საექსპორტო ბაზრებზე უნდა მიმართოს. ამის შესახებ მან „ანალიტიკაში“ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას განაცხადა.
გია პირადაშვილი აღნიშნავს, რომ ღვინის წარმოების ხელშეწყობაში სახელმწიფოს და ღვინის ეროვნული სააგენტოს დიდი წვლილი შეაქვს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ბრენდის პოზიციონირებისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
„სახელმწიფო და ღვინის ეროვნული სააგენტო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ბრენდირებისთვის ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ თუ გვექნება ზუსტი დარტყმის წერტილები, ანუ ქვეყნები, სადაც ჩვენ უნდა გავიზარდოთ როგორც ცნობადობით, ასევე რაოდენობითაც, ხარისხითაც – ეს არის ბრიტანეთის ბაზარი, ევროპის, ჩინეთის, ამერიკის ბაზარი, ჩვენ აუცილებლად დიდი მარკეტინგული კამპანიები გვჭირდება, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს ქვეყნის და პროდუქტის, ამ შემთხვევაში ღვინის კარგად წარმოჩენას ბრიტანეთის და ევროპის ბაზარზე.
ვფიქრობ, რომ სუბსიდირების თანხები უფრო მეტად მარკეტინგულ კამპანიებზე უნდა მიიმართოს“, – აღნიშნავს პირადაშვილი.
„ჯანიანის“ თანადამფუძნებელი იმაზეც საუბრობს, რომ ყურძნის სუბსიდირებიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ხელშეწყობაში თანხების გადამისამართებით გლეხიც და მწარმოებელიც მოგებული დარჩება.
„ახალ ბაზარზე გასვლისას ყველაზე ძვირი დრო ღირს. ჩვენ ჯერ ძალიან პატარა კომპანია ვართ, სულ რაღაც 30 000 ბოთლის წარმოება შეგვიძლია, მაგრამ არსებობენ დიდი კომპანიები, რომლებსაც დიდი მარკეტინგული აქტივობები სჭირდებათ სხვადასხვა ბაზარზე, სხვანაირად ეს კომპანიები საექსპორტო ბაზრებზე ვერ გაძლებენ, რადგან ამას ძალიან დიდი ხარჯები ესაჭიროება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას, უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა გვქონდეს და სუბსიდირება ხდებოდეს არა ყურძენში, არამედ ღვინოსა და საექსპორტო ბაზრებზე იყოს მიმართული, რაც უფრო მეტად ეფექტიანი იქნება გლეხისთვისაც, კომპანიებისთვის და მათი სტაბილურობისთვის“, – ამბობს მეღვინეობების თანადამფუძნებელი.